გახარიას პარტია არ არის „ქართული ოცნების“ მოკავშირე, მონათესავე და პროექტის ნაწილი, როგორც ცდილობენ ინსინუაციების შექმნას ჩვენი ოპონენტები და მათგან მართული ტელევიზიები, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას მომავალი პარტიის შესახებ საუბრისას.
არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, რომ ახალ პარტიაზე თავად გიორგი გახარიამ უნდა ისაუბროს.
„შემიძლია, ერთი რამ გითხრათ, ჩვენ მხარდამჭერებს ავუხსნით და გავაცნობთ ჩვენს პროგრამას, წარვუდგენთ ჩვენს განახლებულ გუნდს თვითმმართველობის არჩევნებში. გავიმარჯვებთ ამ არჩევნებშიც დამაჯერებლად და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი საზოგადოება სწორად შეაფასებს, თუ რა ცვლილებები და რა მიღწევები, ასევე გამოწვევები, რა პასუხები აქვს „ქართულ ოცნებას“ დღეს. გარწმუნებთ, რომ ეს არჩევნებიც იქნება კონკურენტული არჩევნები. ამისთვის ჩავატარეთ დემოკრატიული რეფორმები. რაც შეეხება გიორგი გახარიას, თუ რა პერსპექტივა აქვს მის პარტიას, რომელიც ჯერ არ არის შექმნილი და ამ დღეებში იქნება პრეზენტაცია, ამაზე თვითონ უნდა ისაუბროს. წინასწარ რაიმე შეფასებები, რომ გავაკეთოთ მის პერსპექტივებზე. მე მგონი, არ იქნება ეს სწორი.
ჩვენს მხარდამჭერებს მკაფიოდ ვუთხარით, რომ „ქართული ოცნება“ არის კონსოლიდირებული გუნდი და ეს პოლიტიკური პარტია, რომელიც ახლა უნდა შეიქმნას, არანაირად არ გახლავთ „ქართული ოცნების“ მოკავშირე, მონათესავე და რაიმე პროექტის ნაწილი, როგორც ამაზე ცდილობენ ინსინუაციების შექმნას ჩვენი ოპონენტები და ოპონენტების მართული ტელევიზიები“, – აღნიშნა თალაკვაძემ.