სეპარატისტულ აფხაზეთში მაცხოვრებელი მუსულმანების ჯგუფი მოსალოცად მუსულმანთა წმინდა ქალაქ მექაში გაემგზავრა. ეს განცხადება აფხაზეთის მუსულმანების სასულიერო სამმართველოს წარმომადგენელმა თემურ დზიბამ გააკეთა.
"აფხაზი მომლოცველები სტანისლავ კვარაცხელია, რამზი არიუტაა, დაურ ჯენია, თემურ ძიძარია და ვლადიმერ ნიროვი ჯერ მოსკოვში გაემგზავრებიან, ხოლო შემდეგ მოსკოვიდან საუდის არაბეთში გაფრინდებიან",_ აცხადებს თემურ დზიბა.
მისივე ინფორმაციით, აფხაზი მომლოცველების ჯგუფი საუდის არაბეთის მეფეს აბდალა იბნ აზიზს აფხაზ სეპარატისტთა ლიდერის სერგეი ბაღაფშის მისასალმებელ წერილს გადასცემს.
ამას გარდა, აფხაზური მხარის ინფორმაციით, აფხაზეთის მუსულმანების სასულიერო სამმართველოს წარმომადგენლები საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში რიგ შეხვედრებს გამართავენ.
"აფხაზეთი ახალგაზრდა სახელმწიფოა და როდესაც საუდის არაბეთის მეფეს აცნობეს აფხაზეთის მუსულმანური სათვისტომოს შესახებ და იმის შესახებ რომ აფხაზეთის მუსულმანები მექაში მსლელობის მოწყობას გეგმავენ, მან თავად გამოთვა მათთან შეხვედრის სურვილი", _ განაცხადა დზიბამ.
აფხაზეთის მუსულმანების სასულიერო სამმართველოს წარმომადგენელთა ვიზიტს მიმღები მხარე და ნაწილობრივ აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აფინანსებს.