სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის გამომძიებლებს მოწვეული ბრიტანელი ექსპერტის, ქრეიგ ჰალდის, მიერ დანაშაულის ადგილის გამოძიებისა და მართვის თემაზე სამ დღიანი ტრენინგი ჩაუტარდათ.
ტრენინგი მიზნად ისახავდა სამსახურის თანამშრომელთა პროფესიული სტანდარტის ამაღლებას, შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას მოსაპოვებელ ობიექტთა უკეთ განსაზღვრას, ასევე, აღნიშნულ მოქმედებათა ჩატარების ხარისხის გაუმჯობესებას.
ტრენინგის ფარგლებში დიდი ბრიტანეთის პრაქტიკის მაგალითზე განხილული იყო ისეთი აქტუალური საკითხები, როგორებიცაა: საგამოძიებო მოქმედებების - შემთხვევის ადგილისა და გვამის დათვალიერებისას ჯანმრთელობის და უსაფრთხოების უზრუნველყოფა, შემთხვევის ადგილის არეალის განსაზღვრა, შემთხვევის ადგილის იზოლირება და დაცვა, სხვადასხვა კვლების აღმოჩენა/ფიქსაცია მათ შორის ტექნიკური საშუალებების გამოყენებით და შემდგომი ლაბორატორიული გამოკვლევების მეთოდოლოგია, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების დოკუმენტირება.
ტრენინგი მოიცავდა როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ სწავლებას. პროგრამის ფარგლებში გადამზადების კურსი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის ყველა თანამშრომელმა გაიარა.
სწავლება ევროკავშირის პროექტის „სისხლისსამართლებრივი დევნისა და გამოძიების ხარისხის გაუმჯობესება საქართველოში" მხარდაჭერით განხორციელდა.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური პარტნიორი ორგანიზაციების მხარდაჭერით, წარმატებული საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარებასა და თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებაზე ზრუნვას მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს.