ქალთა ნომერ მეცხრე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმარი თამარ ტალიკაძე უკვე 21-ე დღეა შიმშილობს. ტალიკაძე მის მიმართ უზენაესი სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს აპროტესტებს. პატიმარი პარლამენტის წევრებთან - გიორგი თარგამაძესთან, გიორგი ახვლედიანთან, გია ცაგარეიშვილთან, გია არსენიშვილთან და ასევე სახალხო დამცველთან შეხვედრას მოითხოვს.
შიმშილობის აქციასთან დაკავშირებით „ადამიანის უფლებათა ცენტრს" ტელეფონით თვითონ თამარ ტალიკაძემ აცნობა.
„ადამიანის უფლებათა ცენტრი" კომენტარისთვის დეპუტატ გია ცაგარეიშვილს დაუკავშირდა. როგორც მან გვითხრა, თამარ ტალიკაძის შიმშილობის შესახებ აქამდე არაფერი სმენია. მთავარი პრობლემა კი ისაა, რომ მას საპატიმროებში არ უშვებენ.
„სამწუხაროდ მე არც ერთ საპატიმროში არ მიშვებენ. შეშვებაზე ნებართვა პარლამენტის თავმჯდომარემ უნდა გასცეს. უკვე გავაგზავნე მოთხოვნა ქსნის კოლონიაში შეშვების თაობაზე, თუმცა მეეჭვება მოთხოვნა დამიკმაყოფილონ. რაც შეეხება ამ კონკრეტულ საქმეს, მე ჯერჯერობით არ ვფლობ ინფორმაციას, მაგრამ თუ დამიკავშირდებიან ამ ქალბატონის ოჯახის წევრები ან ადვოკატი , გავერკვევი საქმის ვითარებაში და ვეცდები დავეხმარო", - განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.