ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ბირთვულ რეაქტორში, რომელიც ფოლადის სარკოფაგის ქვეშ არის მოთავსებული, რადიაციის დონე გაიზარდა. იუწყება სააგენტო Reuters-ი ბირთვული უსაფრთხოების ინსტიტუტის მეცნიერებზე დაყრდნობით.
ინსტიტუტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მეცნიერებმა განადგურებულ ბირთვულ რეაქტორში ბირთვული აქტივობების ზრდა შენიშნეს.
მათივე განცხადებით, რადიაციის დონე ჯერჯერობით არ ცდება უსაფრთხოების დადგენილ ნორმას.
მეცნიერები აცხადებენ, რომ ვინაიდან განადგურებული რეაქტორი ფოლადის სარკოფაგით არის დახურული, ზუსტი ვითარების დადგენა შეუძლებელია.
ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე ავარია 35 წლის წინ, 1986 წლის 26 აპრილს მოხდა. ატომური ელექტროსადგურის მეოთხე ენერგობლოკის ავარიამ რეაქტორის დადნობა, ხანძარი და აფეთქება გამოიწვია. ეს იყო ბირთვულ მოვლენათა საერთაშორისო შკალით მეშვიდე დონის ერთადერთი შემთხვევა ისტორიაში.
ბირთვული აფეთქების შედეგად რეაქტორი მთლიანად დაინგრა, რამაც მისი მიმდებარე ვრცელი ტერიტორიის რადიოაქტიური დაბინძურება გამოიწვია.
2016 წელს რადიაციის შესაკავებლად აფეთქებული სადგური სპეციალური ფოლადის "სარკოფაგით" დაფარეს. ეს 2,3 მილიარდი დოლარის ღირებულების მეტალის გუმბათია, რომელმაც რადიაციის გაჟონვა უნდა შეაკავოს. მის ქვეშ 200 ტონაზე მეტი ურანია მოქცეული.