ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოზიცია უცვლელია. პარტიის წარმომადგენლის ნუგზარ წიკლაურის პარტია ამნისტიას კატეგორიულად ეწინააღმდეგება, რადგან შეუძლებელია გათანაბრდეს მსხვერპლი და მოძალადე
"ჩვენს ხელში არ არის ციხის გასაღები. ხელისუფლება და ის ოპოზიციური პარტიები, რომლებმაც იმ დღეს პასუხისმგებლობა აიღეს, რა გზებს მიმართავენ, ეს იქნება თავდებობა, რომელსაც არ ვეწინააღმდეგებით, თუ იქნება სხვა გზა, გარდა დამამცირებელი გირაოს გადახდისა, ჩვენთვის არის მისაღები. თუმცა, როგორიც არ უნდა იყოს ეს პირველი გადაწყვეტილება, ეს არ ცვლის მეორე ნაწილს, საქმის შეწყვეტას და ამნისტიის მიღებას, რომლის შესახებ გადაწყვეტილება რამდენიმე დღის წინ მიიღეს. ამ ამნისტიის მეორე ნაწილს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ კატეგორიულად ეწინააღმდეგება, რადგან ვთვლით, რომ შეუძლებელია გათანაბრდეს მსხვერპლი და მოძალადე, მსხვერპლი და ჯალათი ერთმანეთთან. ვერავითარ შემთხვევაში ჩვენ ვერ „გავაპრავებთ“ იმ უმძიმეს დანაშაულს, რომელიც ჩადენილი იქნა იმ დღეს.
შეგახსენებთ, 19 აპრილს "ქართულმა ოცნებამ" და ოპოზიციური პარტიების ნაწილმა ხელი მოაწერა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის შეთავაზებულ შეთანხმების დოკუმენტს, რომელიც ერთ-ერთი საგანი პოლიტიზირებულ მართლმსაჯულებად აღქმულ საკითხებზე რეაგირებაა.
შეთანხმების ერთ-ერთი პუნქტის თანახმად, "საქართველოს პოლიტიკური სტაბილურობის ინტერესებიდან გამომდინარე და ამ შეთანხმების შესრულების მიზნით, ხელმომწერები ვალდებულებას იღებენ, ამ შეთანხმების ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში, ამნისტიის საშუალებით და / ან ისეთი ზომების მიღებით, რომელიც ანალოგიურ შედეგს გამოიღებს, რეაგირება მოახდინონ პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ ორ საქმეზე. კერძოდ, ამ შეთანხმების ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში, პარლამენტში წარმოდგენილმა პარტიამ უნდა დააინიციროს ამნისტიის შესახებ კანონი, რომელიც 2019 წლის 19-21 ივნისის პროტესტებთან დაკავშირებულ ყველა დარღვევასა და დაკავებას შეეხება.