"პირველ რიგში, პარტიები, იურისტები და ვინც ამ საქმეზე მუშაობენ, ვინც ხელმომწერები არიან, გუშინ დაიწყეს მუშაობა, რომ შედგეს ისეთი დოკუმენტი, რომელიც საზოგადოებისთვის მისაღები იქნება. ამას რამდენიმე დღეში ვნახავთ", - აცხადებს "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი სერგო ჩიხლაძე.
მისი განმარტებით, 20 ივნისის საქმეზე ამნისტია მძიმე მუხლებს ვერ შეეხება.
"ამნისტია ვერანაირად ვერ და არ შეეხება ისეთ მძიმე მუხლებს, როგორიც არის ადამიანის მიერ მძიმე ფიზიკური ზიანის მიყენება, წამება ან არაადამიანური მოპყრობა. ეს მუხლები ვიღაცას რომ უნდოდეს, თუნდაც ხელისუფლებას რომ ჩააკვეხოს, ვერ იქნება შეტანილი, რადგან საერთაშორისო კონვენციით აკრძალულია მსგავს მუხლებზე ამნისტიის გავრცელება. საქართველო არის ამ კონვენციის ნაწილი, ხელმომწერი. ამიტომ ფიზიკურად ვერ მოხვდება ასეთი მუხლები.
კიდევ ერთხელ განვმარტავ, ვინც ეჭვმიტანილია, რომ ვიღაცას თვალი დათხარა, მძიმე ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ზიანი მიაყენა, განმარტებაში ჩავხედოთ, რა არის წამება და არაადამიანური მოპყრობა, ვინც ასეთ რამეშია შემჩნეული, ან სამომავლოდ იქნება დადანაშაულებული, მათზე ფიზიკურად ვერ და არ გავრცელდება ამნისტია. ერთადერთი კომპრომისი შესაძლოა, იყოს რამდენიმე პოლიციელი, რომელსაც კადრში ვხედავთ, რომ ვთქვათ, ადამიანს წამოარტყეს ან დამამცირებლად მოეპყრნენ. შესაძლებელია, იყოს რამდენიმე ადამიანზე კომპრომისი იმის საპირწონედ, რომ მელია გარეთ იქნება და კიდევ 16 საქმე – შეწყვეტილი. მძიმე დანაშაულში შემჩნეული არც ერთი ადამიანი ვერ მოხვდება ამნისტიაში. ასევე, სამომავლოდ თუ ვინმე გამოიკვეთება დამკვეთი ან დანაშაულის ჩამდენი, ამაზეც ვერ და არ გავრცელდება", - განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.
შეგახსენებთ, 19 აპრილს "ქართულმა ოცნებამ" და ოპოზიციური პარტიების ნაწილმა ხელი მოაწერა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის შეთავაზებულ შეთანხმების დოკუმენტს, რომელიც ერთ-ერთი საგანი პოლიტიზირებულ მართლმსაჯულებად აღქმულ საკითხებზე რეაგირებაა.
შეთანხმების ერთ-ერთი პუნქტის თანახმად, "საქართველოს პოლიტიკური სტაბილურობის ინტერესებიდან გამომდინარე და ამ შეთანხმების შესრულების მიზნით, ხელმომწერები ვალდებულებას იღებენ, ამ შეთანხმების ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში, ამნისტიის საშუალებით და / ან ისეთი ზომების მიღებით, რომელიც ანალოგიურ შედეგს გამოიღებს, რეაგირება მოახდინონ პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ ორ საქმეზე. კერძოდ, ამ შეთანხმების ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში, პარლამენტში წარმოდგენილმა პარტიამ უნდა დააინიციროს ამნისტიის შესახებ კანონი, რომელიც 2019 წლის 19-21 ივნისის პროტესტებთან დაკავშირებულ ყველა დარღვევასა და დაკავებას შეეხება.