საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღესთან დაკავშირებით, სიონის საკათედრო ტაძარში წირვა აღავლინა და იქადაგა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტნა შიომ.
"დღეს, როგორც მოგეხსენებათ, არის ჩვენი ეროვნული დღესასწაული – ჩვენი მართლმადიდებლი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღე.
როგორც იცით, როდესაც ჩვენი ქვეყანა ქრისტიანული სახლემწიფო გახდა, მაშინ იგი ანტიოქიის ეკლესიის ტახტს ემორჩილებოდა და მის იურისდიქციაში შედიოდა. ასე გაგრძელდება V საუკუნის შუა წლებამდე, როდესაც წმინდა კეთილმსახურ მეფე ვახტანგ გორგასლის დიდი ღვაწლის შედეგად ჩვენმა ეკლესიამ მოიპოვა ავტოკეფალია და მას შემდეგ ასე გრძელდებოდა.
ჩვენი ერი განსაკუთრებული რუდუნებით უფრთხილდებოდა ამ დიდ მონაპოვარს. თქვენ იცით, რომ ავტოკეფალიამ უდიდესი გავლენა მოახდინა ჩვენი ქვეყნის განვითარებაზე; პრაქტიკულად, მთელი ჩვენი კულტურა, მწერლობა, პოეზია, ხელოვნება, აზროვნება დამყარებულია ქრისტიანულ სარწმუნოებასა და ქრისტიანულ ღირებულებებზე. ალბათ, რთული წარმოსადგენია, რა იქნებოდა ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ერი ქრისტიანული კულტურის გარეშე. ამის თქმა ძალიან რთულია, მაგრამ მახსენდება ერთი რამ – ჯერ კიდევ ძველ საბერძნეთში ამბობდნენ, რომ მონობაში მყოფ ადამიანს ნახევარკაცად აქცევს ღმერთიო. ასე რომ, როგორ გამოვლინდებოდა ეს ნახევარკაცობა ჩვენს ეროვნულ ცხოვრებაში, არავინ იცის.
სამწუხაროდ, XIX საუკუნეში ჩვენ დავკარგეთ პოლიტიკური თავისუფლება, ამასთან ერთად, დაიკარგა საეკლესო დამოუკიდებლობაც. ეს იყო ტრაგიკული ფურცელი ჩვენი ერისა და ეკლესიის ისტორიაში, როდესაც კათოლიკოსი ანტონ II გაიწვიეს პეტერბურგში. რა თქმა უნდა, მას ესმოდა, როგორ დასრულდებოდა ეს ყველაფერი და ტირილითა და ცრემლით გამოემშვიდობა სამშობლოს, თავის მრევლს. ამას მოჰყვა ის, რომ იგი აღარ გამოუშვეს საქართველოში, დატოვეს რუსეთში, გაუქმდა ჩვენი ავტოკეფალია და ეგზარქოსი დაინიშნა საქართველოში.
მაგრამ, მიუხედავად ამისა, შემდგომ წლებში ჩვენი ეკლესიის პატრიოტული ძალები აგრძელებდნენ ავტოკეფალიისთვის ბრძოლას და ამის მიღწევა შეძლეს 1917 წელს, როდესაც სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში გამოცხადდა ავტოკეფალიის აღდგენა.
ჩატარდა წირვა, რომელიც აღავლინა გურია-ოდიშის ეპისკოპოსმა ლეონიდემ, წირვის დასასრულს მან წაიკითხა ავტოკეფალიის აღდგენის დოკუმენტი, რომლის დაწერაში დიდი წვლილი მიუძღოდა ჩვენს სასიქადულო მეცნიერს, ბატონ პავლე ინგოროყვას და სხვებს. საბოლოოდ, გამოცხადდა ავტოკეფალიის აღდგენა", - განაცხადა მეუფე შიომ.