პოლიტოლოგ სოსო ცინცაძის შეფასებით, საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების დაწყების თაობაზე ხელისუფლებისთვის შეთავაზებული წინადადებით ოპოზიციურმა ძალებმა "ტაქტიკურ სვლას" მიმართეს.
"ეს მათი მხრიდან ტაქტიკური სვლაა. თუ მოლაპარაკებები არ დაიწყება, ან ის უშედეგოდ დასრულდება, ამას ე.წ. რადიკალური ოპოზიციის რეიტინგის გაზრდა მოჰყვება. აღსანიშნავია ისიც, რომ ხელისუფლებასთან დიალოგთან დაკავშირებით პოლიტიკური უმცირესობის დამოკიდებულებაც შეიცვალა. ახლა ისინი მზად არიან მასთან მოლაპარაკების მაგიდას მიუსხდნენ და ეს გარკვეულწილად იმითაცაა განპირობებული, რომ საკრებულოში უკვე თითქმის ყველა ძირითადი ოპოზიციური ძალაა წარმოდგენილი. მათ ნახეს ეშხი იმისა, თუ რას ნიშნავს საკრებულოში დისკუსია, ამასთან საზოგადოებისთვის მათი პოზიცია ახლა უფრო ხელმისაწვდომი გახდა, ისინი ხშირად ჩანან ტელეეკრანებზე და საბოლოო ჯამში, მივიღეთ ის, რომ დღეს საკრებულოს სხდომები უფრო ყურებადი და საინტერესოა, ვიდრე საპარლამენტო სესიები", - განუცხადა სოსო ცინცაძემ "ჯი-ეიჩ-ენს".
აღნიშნულის პარალელურად, პოლიტოლოგი იმასაც აცხადებს, რომ პიარტექნოლოგიის ანბანიდან გამომდინარე, საარჩევნო გარემოს დახვეწის საკითხზე მოლაპარაკებების დადებითად დასრულება ხელისუფლების ინტერესებშიც შედის.
"ამით ხელისუფლება დაუმტკიცებს, როგორც პოლიტიკურ უმცირესობას, ისე მთლიანად საზოგადოებრიობასაც, რომ დიალოგი ყოველთვის ჯობია მასთან დაპირისპირებას", - განმარტა პოლიტოლოგმა.
რაც შეეხება აღნიშნულ საკითხზე მოლაპარაკებების დაწყების შემთხვევაში სავარაუდო შედეგს, ცინცაძის აზრით, საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების კუთხით "გარღვევა" ნაკლებსავარაუდოა, თუმცა ფიქრობს, რომ მას "რაღაც შედეგი აუცილებლად მოჰყვება".
"ეჭვი არ მეპარება, რომ რაღაც შედეგი იქნება, თუმცა ვერ გეტყვით, რომ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების კუთხით გარღვევა მოხდება და ის ისე შეიცვლება, რომ გასაუმჯობესებელი არაფერი დარჩება", - განმარტავს პოლიტოლოგი.
შეგახსენებთ, რომ 8 ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიამ: "ახალმა მემარჯვენეებმა"; "ეროვნულმა ფორუმმა"; "საქართველოს გზამ"; "კონსერვატიულმა პარტიამ"; "რესპუბლიკურმა პარტიამ"; "ქრისტიან-დემოკრატიულმა მოძრაობამ", და "ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატებმა" და "ხალხის პარტიამ" დღეს გამოაქვეყნეს სპეციალური განცხადება, რომელშიც საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებასთან დაკავშირებით ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების დაწყების თაობაზე მზადყოფნას კიდევ ერთხელ აფიქსირებენ.