მედიატორი არცერთ ისეთ წინადადებას არ დააყენებს, რომელიც სამართლიანობის პრინციპს ეწინააღმდეგება, - განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ "ქართული ოცნების" ლიდერებისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის სპეციალურის წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის შეხვედრის დასრულების შემდეგ.
მისი შეფასებით, მედიატორის წინადადებები არ ცდება სამართლიანობის პრინციპებს და ეს განწყობა შეთანხმების იმ მონახაზშიც აისახა, რომელიც მოლაპარაკების მაგიდაზე დევს.
"შეგვიძლია დარწმუნებით გითხრათ, რომ უკვე ვხედავთ იმას, რომ მედიატორი არცერთ ისეთ წინადადებას არ დააყენებს, რომელიც სამართლიანობის პრინციპს ეწინააღმდეგება. ამაში დარწმუნებულები ვართ, მათ შორის, გამომდინარე იმ დისკუსიებიდან, რომელიც დღემდე გაიმართა; მათ შორის, გამოკვეთილია შეთანხმების იმ მონახაზში, რომელიც მოლაპარაკების მაგიდაზე დევს და, ზოგადად, განწყობებშიც“,- აცხადებს ირაკლი კობახიძე.
შეგახსენებთ, რომ ევროსაბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი თბილისში მედიატორის ფუნქციით უკვე მეოთხე დღეა იმყოფება. დანიელსონმა უნდა შეძლოს და ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის პოზიციები შეაჯეროს, რასაც შედეგად ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა უნდა მოჰყვეს.