საქართველოს საპატრიარქოს განცხადებით, „გირჩის“ მიერ „ბიბლიური თავისუფლების“ ყოფილ წევრებს, რომლებსაც მართლმადიდებელ ეკლესიაში დაბრუნება სურთ, უნდა მიმართონ მღვდელმსახურს და ე.წ. „სინანულის ფურცელზე“ დაადასტურონ საკუთარი გადაწყვეტილება.
„ორგანიზაცია „გირჩის“ მიერ შექმნილი „საქართველოს ქრისტიანული, ევანგელისტური, პროტესტანტული ეკლესია – ბიბლიური თავისუფლების“ ყოფილ წევრებს, რომლებსაც სურთ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში დაბრუნება, ჰმართებთ, მიმართონ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ნებისმიერ მღვდელმსახურს, რომელსაც განუცხადებენ თავიანთ სურვილს ეკლესიის წიაღში დაბრუნების შესახებ.
მღვდელმსახური ვალდებულია, აღნიშნულ პირებს გაესაუბროს და განუმარტოს ქრისტიანული მოძღვრების ძირითადი საკითხები. მას შემდეგ, რაც მღვდელი დარწმუნდება ასეთი პირის გულწრფელ სინანულში, მის სახელზე უნდა გასცეს რეკომენდაცია ეპისკოპოსთან წარსადგენად; რომელმაც ე.წ. „სინანულის ფურცელზე“ მას ხელმოწერით უნდა დაადასტურებინოს საკუთარი გადაწყვეტილება, ხოლო შემდეგ წაუკითხოს შენდობის ლოცვა და მის სახელზე ინდივიდუალურად გასცეს ე.წ. ,,შენდობის ფურცელი“ პირადი ხელმოწერითა და ბეჭდით. აღნიშნული პროცედურის შემდეგ ასეთი პირი კვლავ ჩაითვლება მართლმადიდებელი ეკლესიის წევრად“, – აღნიშნულია საპატრიარქოს განცხადებაში.
აქვე თანდართულია „სინანულისა და შენდობის ფურცლების ნიმუშები“:
„სინანულის ფურცელი (განცხადება)
მე, (სახელი, გვარი), რომელიც გაწევრიანებული ვიყავი პოლიტიკურ ორგანიზაცია „გირჩის“ მიერ შექმნილ „საქართველოს ქრისტიანულ, ევანგელისტურ, პროტესტანტულ ეკლესია – ბიბლიურ თავისუფლებაში“
სასულიერო პირის სტატუსით, მსურს კვლავ დავუბრუნდე საქართველოს მართლმადიდებელი ავტოკეფალური ეკლესიის წიაღს. ვაცნობიერებ რა ჩემს დანაშაულს, გამოვთქვამ სინანულს ჩემი ქმედებების გამო და ვითხოვ შენდობას.
შენდობის ფურცელი
შენდობის ფურცელი ეძლევა (სახელი, გვარი) ნიშნად იმისა, რომ დატოვა რა პოლიტიკური ორგანიზაცია „გირჩის“ მიერ შექმნილი „საქართველოს ქრისტიანული, ევანგელისტური, პროტესტანტული ეკლესია – ბიბლიური თავისუფლება“, რომელშიც გაწევრიანებული იყო სასულიერო პირის სტატუსით, და გამოხატა რა სინანული თავისი ქმედებების გამო, ნებაყოფლობით დაუბრუნდა საქართველოს მართლმადიდებელი ავტოკეფალური ეკლესიის წიაღს“.
საპატრიარქოს განცხადებით, „სინანულისა და შენდობის ფურცლებს“ ეპისკოპოსის ან მღვდლის ხელმოწერა უნდა ახლდეს.