მოლაპარაკებებზე ისევ ახალი არჩევნების საკითხს დავაყენებთ, – ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა, ირმა ინაშვილმა კრისტიან დანიელსონის მონაწილეობით დაგეგმილი მოლაპარაკებების კომენტირებისას განაცხადა.
ამასთან, ინაშვილის თქმით, „პატრიოტთა ალიანსისთვის“ პლებისციტი მიუღებელია.
„უნდა დაინიშნოს ახალი არჩევნები. ჩვენ ელჩებთან მოლაპარაკების ფორმატში ერთადერთ საკითხს ვაყენებდით და დღესაც ამ საკითხს ვაყენებთ – ეს უკავშირდება ახალი არჩევნების დანიშვნას და უკვე თანმდევ საკითხებს, საარჩევნო სისტემის და მთლიანად გარემოს შეცვლა. ამიტომ ჩვენ მონაწილეობას მივიღებთ შემდგომ რაუნდში და იმავე საკითხს დავაყენებთ. კარგი იქნება, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება თუ გააცნობიერებს, რომ ამ ღრმა პოლიტიკური კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალი არის არა გაჯიუტებაში, ეს ოპოზიციასაც ეხება და ხელისუფლებასაც, არამედ ახალი არჩევნების დანიშვნაში.
პლებისციტი მიუღებელია ჩვენთვის. ეს არის ხაფანგი და არანაირად არ მიმაჩნია, რომ პლებისციტი არის კომპრომისის ფორმა ამ ვითარებაში“, – განაცხადა ინაშვილმა.