მიანმარის სამხედრო ხუნტამ, მათ მიერ დატყვევებულ აუნ სან სუ ჩის 600 000 აშშ დოლარისა და ოქროს უკანონოდ მიღებაში დასდო ბრალი.
ხუნტის განცხადებით, ოქროს ღირებულება, რომელიც აუნ სან სუ ჩიმ უკანონოდ მიიღო, 450 000 გირვანქა სტერლინგს შეადგენს.
ამ ბრალდებასთან დაკავშირებით ხუნტას არავითარი მტიცებულება არ წარუდგენია.
კორუფციის გარდა, სხვადასხვა დროს სამხედრო ხუნტამ აუნ სან სუ ჩის კოვიდ-19-ის რეგულაციების დარღვევა, რადიო აღჭურვილობის უკანონოდ ფლობა და მოსახლეობაში "შიშისა და შფოთის დათესვა" დასდო ბრალად.
სამხედრო ხუნტის ლიდერმა აუნ სან სუ ჩისთან ერთად კორუფციაში ქვეყნის ასევე დატყვევებული პრეზიდენტი და კაბინეტის რამდენიმე მინისტრი დაადანაშაულა.
გასულ წელს, აუნ სან სუ ჩის პარტიამ "ეროვნული ლიგა დემოკრატიისთვის" არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა, რასაც კატეგორიულად არ აღიარებენ სამხედრო ხუნტის ლიდერები.
საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს არჩევნებზე დარღვევები არ აღმოუჩენიათ.
სახმედრო ხუნტამ მიანმარის ხელისუფლება 1-ელ თებერვალს ჩაიგდო ხელში. მიანმარში სამხედრო გადატრიალების შემდეგ არ წყდება მოქალაქეთა მშვიდობიანი პროტესტი, რომლებიც ითხოვენ სამხედრო დიქტატურის დასრულებას და ქვეყანაში სამოქალაქო ხელისუფლების აღდგენას.
სამხედრო ხუნტა საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ სასტიკ ძალას იყენებს. გაეროს ადამიანის უფლებათა ოფისის თანახმად, ხუნტის ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან, უსაფრთხოების ძალების მიერ მოკლულია 60-ზე მეტი დემონსტრანტი, დაკავებულია 2000-მდე ადამიანი.