რუსეთი დნესტრისპირეთიდან თავისი სამშვიდობო კონტიგენტის გამოყვანას არ აპირებს. ეს გაცხადება დღეს მოსკოვში გამართულ ბრიფინგზე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ანდრეი ნესტერენკომ გააკეთა.
"რუსეთი მიიჩნევს, რომ დნესტრისპირეთიდან რუსული სამშვიდობო კონტიგენტის გამოყვანის შემთხვევაში დაპირისპირებულ მხარეებს შორის კონფლიქტის განახლება გარდუვალია", _ განაცხადა ნესტერენკომ.
მისივე თქმით, რუსეთი ძალიან გაკვირვებულია იმით, რომ "შექმნილ ურთულეს პირობებში, როდესაც 2006 წლის თებერვალში მოლდოვის მხარის ინიციატივით დაწყებული მოლაპარაკებათა პროცესი შეწყვეტილია და შექმნილი სიტუაციიდან გამოსავალი არ ჩანს, რუსეთის მიმართ სამშვიდობო კონტიგენტის იქიდან გაყვანის მოწოდებები ისმის".
"გვიკვირს რატომ გვთხოვენ ჩვენი სამშვიდობო მისიის შეწყვეტას ერთ ერთ ყველაზე წარმატებულ სამშვიდობო ოპერაციაში", _ აცხადებს ნესტერენკო.