25 თებერვალს 100 წელი გავიდა ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციიდან. "ჯი-ეიჩ-ენი" დაინტერესდა საბჭოთა ოკუპაციის პირობებში რეჟიმის მიერ საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებებით, თუმცა საარქივო მასალები საბჭოთა რეჟიმის მსხვერპლთა რაოდენობის ზუსტი აღქრიცხვის საშუალებას არ იძლევა. არქივის დიდი ნაწილი განდგურებულია.
შსს-ის საარქივო მასალებზე დაყრდნობით "ჯი-ეიჩ-ენმა" გაარკვია, საბჭოთა რეჟიმის მსხვერპლთა და რეპრესირებულთა რაოდენობა 500 ათას ადამიანს აჭარბებს.
1921-1990 წლებში რეჟიმის მიერ სხვადასხვა "დანაშაულის" გამო დახვრეტილია 17 500 ადამიანი. მონაცემები არ არის სრულყოფილი, რადგან "ჯი-ეიჩ-ენს" შსს-ის არქივში განუმარტეს, რომ საქმეთა დიდი ნაწილი დამწვარია.
ასევე, 1937-1938 წლებში გადასახლებულთა შესახებ მონაცემებიც არასრულყოფილია. ამჟამად, არქივში არსებული მონაცემებით, ორი წელიწადში გადასახლებულთა რაოდენობა 13 ათას შეადგენს.
1941-1951 წლებში საეშელონო გადასახლებულთა რაოდენობა, საეშელონო სიის მიხედვით, 113 800 ადამიანია. ეს მაჩვენებელიც არასრულყოფილია, რადგან ამ პერიოდის 40 ათასამდე საქმე დამწვარია. მასალაზე მუშაობისას გაირკვა, რომ საეშელონო სიის საშუალო მონაცემი 300 ათას ადამიანს აღემატება.
მასალების შესწავლისას გაირკვა, რომ აღნიშნული რაოდნობა დგინდება შემდეგი სახით - თუ ბოლშევიკური ხელისუფლება არასანდოობის ან სხვა ბრალდების გამო აპატიმრებდა 1 ადამიანს, გადასახლებაში - საეშელონო სიაში, ხვდებოდა მისი ოჯახის ყველა წევრი. მაგალითად, არქივში მითითებულია რომ კონკრეტული პირის არასანდოობის გამო გადასახლებულია მისი შვიდსულიანი ოჯახი, თუმცა აღრიცხულია როგორც ერთი.
უნდა აღინიშნოს, რომ საეშელონო სიით გადასახლებულები, რომლებიც გადარჩნენ, გარკვეული პერიოდის შემდეგ ბრუნდებოდნენ სამშობლოში. მაგრამ საარქივო მასალებით საკმაოდ ბევრია შემთხვევა, როდესაც ისინი ხელმეორედ ხვდებოდნენ გადასახლებაში.