"ქართულმა ოცნებამ და ბიძინა ივანიშვილმა ქვეყანა რეგრესის გზაზე დააყენეს. ეს არის კატასტროფული მდგომარეობა, - აცხადებს რესპუბლიკური პარტიის წევრი, თამარ კორძაია.
მისი თქმით, ნიკა მელიასთვის პატიმრობის შეფარდება სცდება გონივრულობის ფარგლებს.
"ქართულმა ოცნებამ და ბიძინა ივანიშვილმა ქვეყანა რეგრესის გზაზე დააყენეს. ეს არის კატასტროფული მდგომარეობა. რატომ არ ფიქრობენ იმაზე, რომ ამ ოფისში შეკრებილ ადამიანებს აქვთ უსამართლობის განცდა. დღეს ამ ადამიანს გამოუტანეს უკანონო განაჩენი. მთელი პასუხისმგებლობა იმაზე, რომ ქვეყანაში ვითარება იძაბება, ეკისრება ქართული ოცნებას. ბიძინა ივანიშვილის ნების შესრულებას უყურებთ. სრულიად უდანაშაულო ადამიანს, პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე უსჯიან პატიმრობას იმის გამო, რომ ის არის გამოკვეთილი ლიდერი, გამორჩეული მებრძოლი საქართველოს მომავლისთვის და ამას არ პატიობს ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი", - თქვა თამარ კორძაიამ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო ჩახნაშვილმა ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძება - გირაო პატიმრობით შეუცვალა. მან პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.