მიანმარში 2007 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა სამხედრო გადატრიალებისა და ქვეყნის ლიდერის, აუნ სან სუ ჩის გათავისუფლების მოთხოვნით.
საპროტესტო აქციები ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში მდებარე 10-ზე მეტ ქალაქში გაიმართა. იუწყებიან, რომ ყველაზე მრავალრიცხოვანი ქვეყნის უდიდეს ქალაქ იანგონში ჩატარებული საპროტესტო აქცია იყო.
"ჩვენ არ გვსურს სამხედრო დიქტატურა, ჩვენ გვსურს დემოკრატია" - სწორედ ეს შეძახილები გაისმოდა საპროტესტო აქციაზე, სადაც მოქალაქეები დაჟინებით მოითხოვდნენ მიანმარის დემოკრატიზაციის გზაზე დაბრუნებას.
"თავდაპირველად, ჩვენ არ გვსურს დავუბრუნდეთ სამხედრო წყობილებას. არ გვინდა შიშის ქვეშ ცხოვრება. გარდა ამისა, გვსურს დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ დედა სან სუ ჩი უკანონო შინაპატიმრობისგან. და კიდევ, გვსურს აღმოიფხვრას სისტემა, სადაც სამხედროები სამოქალაქო ადმინისტრაციულ პოზიციებს იკავებენ", - განაცხადა ერთ-ერთმა მომიტინგემ.
გადატრიალების შემდეგ ქვეყნის მმართველობაში მყოფ სამხედრო ხუნტას აქციებთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია.
სამხედროებმა ძალაუფლება ხელში 1-ელ თებერვალს ჩაიგდეს, მას შემდეგ, რაც გამოაცხადეს, რომ გასული წლის ნოემბერში ჩატარებული არჩევნები გაყალბებული იყო. ამ არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა პარტიამ "ეროვნული ლიგა დემოკრატიისთვის", რომლის ლიდერია აუნ სან სუ ჩი.
სამხედროებმა ძალაუფლების ხელში ჩაგდებამდე დაატყვევეს აუნ სან სუ ჩი, ქვეყნის პრეზიდენტი ვინ მიინტი და სხვა მაღალი რანგის თანამდებობის პირები. გავრცელებული ცნობით, ისინი შინაპატიმრობაში იმყოფებიან.
სამხედრო ხუნტამ ქვეყანაში ერთი წლით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.