დღეს, 29 ოქტომბერს, 13 საათზე, იყალთოში 2010 წელს შესრულებულ აღდგენით სამუშაოებს მოინახულებენ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი ნიკოლოზ რურუა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორი ნიკოლოზ ვაჩეიშვილი.
იყალთოს მონასტრის სრული რეაბილიტაციის პროექტს კომპანია ჯეოსელი 2007 წლიდან ახორციელებს. მონასტერში მასშტაბური სამუშაოები ძეგლთა დაცვითი პრინციპების სრული კონტროლით ხორციელდება, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ზედამხედველობს.
განადგურების პირას მყოფ იყალთოს აკადემიას საფრთხე აღარ ემუქრება - სადღეისოდ გამაგრებულია ტაძრის საძირკველი, მოხსნილია ძეგლის ფასადის თეთრი ნალესობა რომელიც ტაძრის იერსახეს აქამდე მალავდა. იყალთოს მონასტრის მთავარი ტაძარი და ტერიტორიაზე არსებული ძეგლები გადახურულია უძვირფასესი - ესპანური კრამიტით. 2007 წლიდან დღემდე მონასტრის ტერიტორიაზე ჩატარებულია არქეოლოგიური კვლევები, დასრულებულია ძეგლის ტერიტორიის ინფრასტრუქტურული მოწყობისა და იყალთოს მონასტრის მთავარი - რიგით მეექვსე სარეაბილიტაციო ეტაპი. შესრულებული სამუშაოები ხელს უწყობს როგორც სამონასტრო ცხოვრების, ასევე ტურიზმის განვითარებას.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაფინანსებით კახეთის რეგიონში რამდენიმე ათეული ძეგლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ამ ეტაპზე მიმდინარე სამუშაოები რეგიონში ზამთრის დადგომამდე დასრულდება.
იყალთო- მონასტერი, ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი თელავის ჩრდილოეთით, 7-8 კმ-ზე. დააარსა ერთ-ერთმა ასურელმა მამათაგანმა ზენონმა VI საუკუნეში. გადმოცემის თანახმად, არსენ იყალთოელს (XI-XII საუკუნეები) აქ აკადემია დაუარსებია. ჩვენამდე მოღწეულია აქაური ხელნაწერები, რომლებიც შედარებით გვიანდელი ხანისაა და იყალთოს აკადემიის შესახებ ცნობებს არ შეიცავს.
მონასტრის ტერიტორიაზე შემოჩერნილია 3 ეკლესია და სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობათა, მ.შ. აკადემიისა და სატრაპეზოს ნანგრევები. ეკლესიათაგან მთავარია VIII-IX საუკუნეების ფერისცვალების ეკლესია "ღვთაება" (აგებულია იმ ძველი აკლესიის ადგილას, რომელშიც დაკრძალული იყო ზენონი). სამების მცირე ეკლესია, რომელშიც მიუხედავად საფუძვლიანი გადაკეთებისა, შემორჩენილია VI საუკუნის გუმბათოვანი ეკლესიის ნაწილები და ყველაწმიდის ერთნავიანი ეკლესია, რომელიც XII-XIII საუკუნეების მიჯნას მიეკუთვნება. აკადემიის გეგმით წაგრძელებული შენობა რიყის ქვით არის ნაშენი. პირველი სართული 2 ოთახისაგან შედგება, მეორე კი ერთი მთლიანი დარბაზია (24,5 მх9 მ) და, როგორც ჩანს, სამეცნიერო შეკრებათათვის იყო იმთავითვე განკუთვნილი. შენობა სტილით VIII-IX საუკუნეების ფეოდალურ სასახლეებს ენათესავება და აგებულიც მაშინ უნდა იყოს.
მასალის გამოყენების პირობები