ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი აქვეყნებს სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ კვლევის შედეგებს და მიუთითებს, რომ Covid-19-ის პერიოდში განხორციელებულია საეჭვო შესყიდვები.
"კვლევის შედეგად გამოვლენილი გარემოებები მიუთითებს, რომ პანდემიის პერიოდში განხორციელებული გამარტივებული შესყიდვები ზოგ შემთხვევაში ფორმდებოდა გამოუცდელ ან მმართველ პარტიასთან დაკავშირებულ კომპანიებთან", - იტყობინება IDFI.
IDFI -იმ საეჭვო შესყიდვებში შეიყვანა სკოლებისა და ბაღების სველი წერტილების რემონტისათვის განხორციელებული შესყიდვები, რომლის მთლიანმა ღირებულებამ 11 მლნ 662 ათას 116.91 ლარი შეადგინა.
"ამ მიზნობრიობით გაფორმებული გამარტივებული ხელშეკრულებების რაოდენობა 235-ია, ჯამური ღირებულება კი 11,662,116.91 ლარია. აქედან 9,655,346.44 სკოლების, ხოლო დანარჩენი კი ბაღების სველი წერტილების ხელშეკრულებებისთვის იყო გათვალისწინებული. ყველაზე მეტი თანხა, 1,120,452.03 ლარი, სკოლებისთვის წყალტუბოს მუნიციპალიტეტმა გამოიყენა", - წერია IDFI -ის მიერ გავრცელებულ კვლევაში.
IDFI აღნიშნავს, რომ 2020 წლის 11 ივნისის N947 განკარგულებით, მუნიციპალიტეტებს უფლება მიენიჭა სველი წერტილების საპროექტო-სახრაჯთაღრიცხვო მომსახურება გამარტივებული შესყიდვით განეხორციელებინა, ხოლო საქართველოს მთავრობის 2020 წლის 12 ივნისს N973 განკარგულებით კი გაუქმდა მუნიციპალიტეტებისათვის განსაზღვრული ლიმიტები და მუნიციპალიტეტებს უფლება მიეცა ფაქტობრივი საჭიროების შესაბამისად შეეძინათ სველი წერტილების მოწყობა-რეაბილიტაციასთან დაკავშირებული პროდუქტი თუ მომსახურება. თუმცა, აღნიშნავს, მნიშვნელოვანია რამდენად კეთილსინდისიერად მოხდა აღნიშნული თანხების გამარტივებული ხელშეკრულებებით გადანაწილება.