საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, განათლებისა და მეცნიერების მინისტრ მიხეილ ჩხენკელთან, იმერეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულ ზვიად შალამბერიძესთან და მაჟორიტარ დეპუტატ ბეჟან წაქაძესთან ერთად, ზესტაფონის რაიონის სოფელ ზედა საქარის ახლად აშენებული საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებს შეხვდა.
მთავრობის მეთაურმა სასწავლო პროცესის უსაფრთხოდ, ეპიდემიოლოგიური ნორმების დაცვით წარმართვის მნიშვნელობაზე ისაუბრა და მოსწავლეებს ახალ სასწავლო გარემოში წარმატებები უსურვა.
გიორგი გახარიას განცხადებით, სწორედ ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების უმაღლესი სტანდარტების დაცვას, პედაგოგებისა და მოსწავლეების ჯანმრთელობაზე ზრუნვას ემსახურება სახელმწიფოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმად ყველა სკოლაში, სადაც სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში მიმდინარეობს, 2 კვირაში ერთხელ, მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციული პერსონალის სულ მცირე 20%-ს სავალდებულო ტესტირება უტარდება. გარდა ამისა, პრემიერმა აღნიშნა, რომ თუ მოსწავლის მშობელს სწავლის დისტანციურ ფორმატში გაგრძელების სურვილი აქვს, მას სამინისტრო ასეთ შესაძლებლობასაც სთავაზობს. მასწავლებლები კი, დამატებით დისტანციური გაკვეთილების ჩატარების შემთხვევაში, შესაბამის დანამატს მიიღებენ.
მთავრობის მეთაურმა ახლად აშენებული საჯარო სკოლა დაათვალიერა, რომელიც 300 მოსწავლეზეა გათვლილი. თანამედროვე ტიპის სამსართულიანი შენობა ადაპტირებულია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის. სკოლაში გამართულია სახანძრო უსაფრთხოების სისტემა, საბუნებისმეტყველო ლაბორატორიები, კომბინირებული სპორტული დარბაზი. ეზოში კეთილმოეწყო სპორტული მოედანი.
სამშენებლო სამუშაოები თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ევროსტანდარტების მქონე, ეკოლოგიურად სუფთა სამშენებლო მასალების გამოყენებით საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ განახორციელა. პროექტის ღირებულება 4,5 მლნ ლარს აღემატება. საჯარო სკოლას, სადაც 31 ადამიანია დასაქმებული, 139 მოსწავლე ჰყავს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილთან, იმერეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულ ზვიად შალამბერიძესთან, მაჟორიტარ დეპუტატებთან ზაზა ლომინაძესთან და ბეჟან წაქაძესთან ერთად, ქუთაისში, მეტეოროლოგიურ სადგურში იმყოფებოდა, სადაც გარემოს ეროვნული სააგენტოსთვის, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, თანამედროვე რადარი დამონტაჟდა.
მეტეოროლოგიური რადარის შესაძლებლობებზე ინფორმაცია მთავრობის მეთაურს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა მიაწოდა. ლევან დავითაშვილის განმარტებით, ახალი რადარი საშუალებას იძლევა, გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ოპერატიულ რეჟიმში მიიღოს მონაცემები ღრუბელთა ტიპების, მათი წყალშემცველობის, გადაადგილების მიმართულების, სიჩქარის და სხვა ფიზიკური მახასიათებლების შესახებ ქუთაისიდან 200-250 კმ-ის რადიუსში.
გარდა ამისა, რადარის მეშვეობით შესაძლებელია, დასავლეთ საქართველოს თითქმის მთელ ტერიტორიაზე დადგინდეს მოსალოდნელი ნალექების რაოდენობა და ინტენსივობა, რაც მათგან გამოწვეული შესაძლო წყალმოვარდნების და ღვარცოფების შესახებ საპროგნოზო ინფორმაციის შესაბამისი უწყებებისთვის დროულ მიწოდებას უზრუნველყოფს.