მომდევნო კვირას, იმ ქვეყნებს შორის, სადაც ბანკი ინვესტირებას ახორციელებს, საქართველო იქნება ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ახალი პრეზიდენტის პირველი ვიზიტის ადგილი, რომელიც, ორდღიანი პროგრამის ფარგლებში, სრულად ვირტუალურ ფორმატში განხორციელდება. რადგან მიმდინარე პანდემია ხელს უშლის მოგზაურობასა და პირისპირ შეხვედრებს, EBRD-ის პრეზიდენტი გამოიყენებს ციფრულ პლატფორმებს, რომლებმაც ბოლო ერთი წლის განმავლობაში საფუძვლიანად შეცვალეს მუშაობის ფორმატი და საერთაშორისო ურთიერთობები.
ქალბატონმა რენო-ბასომ აღნიშნა: „მოხარული ვარ, რომ საქართველოს ვესტუმრები. ვირტუალური ფორმატი ასახავს როგორც EBRD–ის, ასევე, საქართველოს უნარს ადაპტირდნენ არსებულ ვითარებასთან. ეს, ასევე, მჭიდრო ურთიერთობის დასტურია, რომელსაც EBRD თავისი ადგილობრივი ოფისების მეშვეობით აყალიბებს. ამიტომ, მოუთმენლად ველი შესაძლებლობას, კიდევ ერთხელ დავადასტურო EBRD–ის ერთგულება საქართველოს მიმართ და კორონავირუსის პანდემიის ფონზე, ქვეყნისადმი ჩვენი მტკიცე მხარდაჭერა. ეს აჩვენა საქართველოში წინა წელს ჩვენმა რეკორდულმა მაჩვენებელმა. მზად ვართ, ჩვენი წვლილი შევიტანოთ ძლიერი, მდგრადი და ინკლუზიური აღდგენის საქმეში. იმედი მაქვს, რომ ამ მშვენიერ ქვეყანაში მოგზაურობა ძალიან მალე იქნება შესაძლებელი.”
პრეზიდენტი ოდილ რენო-ბასო შეხვდება საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ მინისტრს გიორგი გახარიას, ფინანსთა მინისტრს და EBRD–ის საქართველოს მხრიდან მმართველს ივანე მაჭავარიანს, ვიცე-პრემიერ, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს, მაია ცქიტიშვილს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ნათია თურნავას, ასევე, თბილისის მერს კახა კალაძეს.
რადგან ყურადღება გამახვილდება ეკონომიკურ საკითხებზე, პრეზიდენტი რენო-ბასო, ასევე, გაესაუბრება საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს კობა გვენეტაძეს, ასევე, ბიზნეს საზოგადოების წარმომადგენლებს. პროგრამას დაასრულებს დონორებსა, რომლებსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ საქართველოს განვითარებაში, და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან შეხვედრები.
EBRD–ის დელეგაციაში, ასევე, შევლენ EBRD–ის საბანკო საქმის ვიცე–პრეზიდენტი ალენ პილო, რეგიონალური მმართველი დირექტორი მატეო პატრონე და EBRD–ის დირექტორი კავკასიაში და საქართველოს ხელმძღვანელი, კატარინა ბიორლინ ჰანსენი.
ეკონომიკის გადაუდებელ საჭიროებებზე რეაგირებისათვის და უკეთესი აღდგენის მიზნით, 2020 წელს EBRD–მა საქართველოში განხორციელებული 16 პროექტის მეშვეობით, 630 მილიონის ევროს ინვესტიცია განახორციელა, რაც წინა წლის მოცულობის ორმაგ ოდენობას შეადგენს. ბანკმა უზრუნველყო გადაუდებელი ლიკვიდურობა და საბრუნავი კაპიტალი კერძო სექტორის მოქმედი კომპანიების ხელშესაწყობად. ვაჭრობის სასიცოცხლო ნაკადების შენარჩუნების მიზნით, EBRD–მა რეკორდული 68.2 მილიონი ევრო გამოყო ვაჭრობის დაფინანსების ოპერაციებისთვის სამი ადგილობრივი პარტნიორი ბანკის მონაწილეობით.
ბანკმა განაგრძო მხარდაჭერის კონცენტრირება კერძო სექტორზე, რამაც გასულ წელს საქართველოში EBRD–ის მთლიანი ინვესტიციების 79 პროცენტი შეადგინა. EBRD–მა კიდევ უფრო გაზარდა მხარდაჭერა მცირე და საშუალო საწარმოების მიმართ, 135 მილიონი ევროს ოდენობის სესხების უზრუნველყოფით კომერციული ბანკებისათვის ადგილობრივი ბიზნესისთვის ქვე-სესხების გაცემის მიზნით, იმ ინვესტიციების განხორციელებლად, რომლებიც ხელს შეუწყობს აღდგენას და გააძლიერებს კონკურენტუნარიანობას.
EBRD–მა მხარი დაუჭირა ჯანდაცვის სექტორს საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფისთვის (GHG) გაცემული 25 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სესხით, საბრუნავი კაპიტალისა და საოპერაციო ხარჯების დასაფინანსებლად, ჯგუფის გადამწყვეტი როლისთვის კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლაში, რაც GHG–ის ექვს მთავარ საავადმყოფოს Covid-19-ის პაციენტებისათვის ადაპტირების და ასევე, მის დიაგნოსტიკურ შესაძლებლობების გაუმჯობესების საშუალებას აძლევს.
ინფრასტრუქტურის სექტორში, EBRD-ის მწვანე ქალაქების ურბანული მდგრადობის პროგრამის ფარგლებში, ბანკმა დააფინანსა თბილისის მეტროს მოდერნიზაცია, განაგრძო თანამედროვე მუნიციპალური ინფრასტრუქტურის მხარდაჭერა ქალაქ ბაკურიანში და ასევე, უზრუნველყო თანამედროვე ავტობუსების მიწოდება ქალაქებში - გორი, ქუთაისი, ფოთი, რუსთავი, თელავი და ზუგდიდი.
ბანკმა, ასევე, გაააქტიურა მდგრად ენერგეტიკის სექტორში ჩართულობა საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისთვის, ელექტროენერგიის ეროვნული მომწოდებლისთვის, 90 მლნ ევროს დაფინანსების გამოყოფით, ქვეყნის მაღალი ძაბვის ქსელის შემდგომი განვითარების მიზნით.
EBRD–მა, ასევე, განაგრძო რეგიონალური მიმოსვლისა და სასიცოცხლო ინფრასტრუქტურის მხარდაჭერა 10 მილიონი ევროს ოდენობის სესხის გამოყოფით საქართველოს საჰაერო ნავიგაციისთვის, ქვეყნის საჰაერო მიმოსვლის ნავიგაციისა და მონიტორინგის ეროვნული სერვისის მომწოდებლისთვის.
ინვესტიციებთან ერთად, EBRD აგრძელებდა პოლიტიკურ დიალოგში აქტიურ მონაწილეობას. ბანკმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა, ინვესტორთა საბჭოს პლატფორმის საშუალებით, კერძო და საჯარო სექტორს შორის დიალოგის წარმართვაში. EBRD–მა, ასევე, უზრუნველყო მთავრობის ტექნიკური მხარდაჭერა მწვანე დღის წესრიგის რეალიზებისა და ენერგოეფექტურობის მნიშვნელოვანი კანონების მიღების პროცესში.