სენატში რესპუბლიკელების ლიდერმა მიჩ მაკკონელიმ ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცესის მზადების ვადები დაასახელა, რომლის მიხედვით პროცედურების დაწყება თებერვლის შუა რიცხვებამდე არ უნდა მოხდეს.
მაკკონელი ამბობს, რომ მან სენატის უმრავლესობის ლიდერს, ჩაკ შუმერს იმპიჩმენტის პროცესის პირველი ეტაპის გრაფიკი გაუგზავნა და იმედოვნებს, რომ მასთან ერთად საკითხზე მსჯელობას გააგრძელებს.
მისი თქმით, როგორც სენატი, ასევე პრეზიდენტის ინსტიტუტი და თავად ტრამპიც იმსახურებენ "სრულ და პატიოსან პროცესს".
"რესპუბლიკელებს მიაჩნიათ, რომ ძლიერი პოლიტიკური ვნებების დროს დაუშვებელია პროცესის ნაჩქარევად ჩატარება", - დასძინა მაკკონელიმ.
მისი აზრით, 28 იანვარს სენატში უნდა მოხდეს იმპიჩმენტის მუხლების წაკითხვა, 4, 11 და 13 თებერვალს კი ტრამპსა და წარომადგენელთა პალატიდან ბრალმდებელთა შორის წინასწარი დოკუმენტების გაცვლა.
დონალდ ტრამპს წარმომადგენელთა პალატამ იმპიჩმენტი 14 იანვარს გამოუცხადა.