ირანის პრეზიდენტი ჰასან როჰანი აცხადებს, რომ ტრამპი, როგორც პოლიტიკოსი, მოკვდა.
"ტრამპი "მოკვდა", მისი პოლიტიკური ცხოვრება დამთავრდა", - თქვა როჰანიმ მთავრობის სხდომაზე, სადაც ტრამპს "ტირანი" უწოდა, მის წასვლას კი "ღვთის წყალობა".
ირანის პრეზიდენტმა ტრამპის უფლებამოსილების ამოწურვას "ავადსახსენებლი მთავრობის დასასრული" უწოდა. როჰანის თქმით, ტრამპმა დატოვა ორ ბანაკად გახლეჩილი საზოგადოება, ვაშინგტონი კი - ჯო ბაიდენის ინაუგურაციის დღეს "სამხედრო ბაზად" აქცია.
"აშშ-ის პოლიტიკური იზოლაცია - ტრამპის მემკვიდრეობაა. აშშ თავის პოლიტიკაში მარტო აღმოჩნდა - მოქმედებდა პალესტინის წინააღმდეგ, დარჩა მარტო. მსოფლიოს დიდი ნაწილი მისი წინააღმდეგი იყო. მარტო იყო, როდესაც ბირთვული შეთანხმების წინააღმდეგ გამოდიოდა", - განაცხადა როჰანიმ ირანის ტელევიზიის ეთერში.
ასევე მან ტრამპს "სულელი ტერორისტი" უწოდა, და განმარტა, რომ "აქამდე აშშ-ს პრეზიდენტს არასდროს უღიარებია ერთი ქვეყნის გენერლის მკვლელობა, რომელიც სტუმრად მეორე ქვეყანაში იმყოფებოდა" [იგულისხმება გენერალ ქასემ სულეიმანის მკვლელობა].
ჯო ბაიდენის ინაუგურაცია, დღეს, 20 იანვარს იმართება.