"დიდი შვიდეულის" სამიტი 2021 წელს დიდ ბრიტანეთში, 11-13 ივნისს გაიმართება.
სამიტი ბრიტანეთის სამხრეთით, კორნუელის საგრაფოში შეიკრიბება.
დიდმა ბრიტანეთმა წელს სამიტის თავმჯდომარეობა შეერთებული შტატებისგან გადმოიბარა.
როგორც პრემიერ-მინისტრ ჯონსონის პრესსამსახური იტყობინება, ბრიტანეთი ამ შესაძლებლობას გამოიყენებს, რათა კორონავირუსის წინააღდეგ საბრძოლველად, პანდემიის შემდეგ მსოფლიოს აღსადგენად და უფრო პერსპექტიული, მწვანე მომავლის შესაქმნელად წამყვანი დემოკრატიული ქვეყნები გააერთიანოს.
დიდმა ბრიტანეთმა წლევანდელ სამიტზე სტუმრის სტატუსით ავსტრალია, ინდოეთი და სამხრეთ კორეა მოიწვია.
დიდი შვიდეული არის შვიდი ქვეყნის არაფორმალური გაერთიანება, რომელიც ყოვეწლიურ სამიტზე ეკონომიკურ და საერთაშორისო საკითხებს განიხილავს.
დიდი შვიდეულის ჯგუფი შვიდ მსოფლიოს წამყვან ეკონომიკურ ქვეყნებს აერთიანებს - კანადა, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, იაპონია, გაერთიანებული სამეფო და შეერთებული შტატები.
ჯგუფი 1975 წელს შეიქმნა 6 სახელმწიფოსგან, რომელსაც ერთი წლის შემდეგ კანადაც შეუერთდა, იმ მიზნით, რომ მსოფლიოს მოწინავე დემოკრატიულ ქვეყნებს შესძლებოდათ ეკონომიკური პოლიტიკის განხილვა საერთო კეთილდღეობის მისაღწევად.
დიდი შვიდეულის მუშაობაში ევროკავშირი მონაწილეობას 1977 წლიდან შეუერთდა.
დიდი შვიდეული 1998-2014 წლებში იწოდებოდა, როგორც დიდი რვიანი (G8), რადგან მისი წევრი რუსეთიც იყო. 2014 წელს ყირიმის ანექსიის გამო რუსეთს დაატოვებინეს ჯგუფის შემადგენლობა.
დიდი შვიდეულის სამიტს არ ჰყავს მუდმივმოქმედი აპარატი ან სამდივნო. სამიტის საქმიანობის ორგანიზაციულ უზრუნველყოფას თავმჯდომარე ქვეყანა ახორციელებს, რომელიც ყოველწლიურად იცვლება.
თავმჯდომარე ქვეყანა უზრუნველყოფს ჯგუფის მუშაობისთვის საჭირო რესურსების შექმნას და ასახავს მის პრიორიტეტებს.
დიდი შვიდეულის თვითმყოფადობას საფუძვლად მისი საერთო ღირებულებები უდევს - დემოკრატია, ადამიანის უფლებები და ძირითადი თავისუფლებები, თავისუფალი ბაზრის პრინციპები და საერთაშორისო სამართლის პატივისცემა. ეს იმას ნიშნავს, რომ წევრ ქვეყნებს შეუძლიათ განიხილონ ყველა საკითხი, მაშინაც კი, როდესაც მათ მკევთრად განსხვავებული პოზიციები აქვთ.