ამერიკის შეერთებული შტატების სენატის დემოკრატების ლიდერმა, ჩაკ შუმერმა მოუწოდა ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსს, აამოქმედოს ამერიკის კონსტიტუციის 25-ე შესწორება და თანამდებობას დაუყოვნებლივ ჩამოაშორონ დონალდ ტრამპი.
დემოკრატი სენატორის თქმით, ის რაც კაპიტოლიუმის შენობაში მოხდა, ამერიკის წინააღმდეგ აჯანყება იყო.
"ის, რაც გუშინ კაპიტოლიუმის შენობაში მოხდა იყო აჯანყება ამერიკის შეერთებული შტატების წინააღმდეგ, რომელიც დონალდ ტრამპის მიერ იყო პროვოცირებული. ეს პრეზიდენტი არცერთი დღით არ უნდა დარჩეს თანამდებობაზე", - განაცხადა ჩაკ შუმერმა.
სენატორ შუმერის თქმით, თუ მაიკ პენსი და ამერიკის მთავრობის კაბინეტის წევრები თანამდებობიდან არ ჩამოაშორებენ ტრამპს, მაშინ კონგრესი დაუყოვნებლივ უნდა შეიკრიბოს, რათა დონალდ ტრამპს იმპიჩმენტი გამოუცხადოს.
ამერიკის კონსტიტუციის 25-ე შესწორების მიხედვით, მთავრობის კაბინეტის წევრებს, ვიცე-პრეზიდენტთან ერთად შეუძლიათ მიმართონ კონგრესის ორივე პალატის ლიდერს, რომ პრეზიდენტი ქმედუუნაროა და არ ძალუძს კონსტიტუციით გათვალისწინებული მოვალეობების შესრულება.