რომის პაპმა ფრანცისკემ ვატიკანში, წმინდა პეტრეს ბაზილიკაში საშობა მესა აღავლინა. კორონავირუსის პანდემიის გამო, წლევანდელმა სადღესასწაულო მსახურებამ გასულ წლებთან შედარებით, მოკრძალებულად ჩაიარა.
საშობაო ღვთისმსახურებას დაახლოებით 100 ადამიანი ესწრებოდა. ტრადიციულად წმინდა პეტრეს ბაზილიკაში საშობაო მესას 10 000-მდე ადამიანი ესწრება.
მესა ჩვეულებრივზე ორი საათით ადრე დაიწყო, რადგან მრევლს კომენდანტის საათის დაწყებამდე სახლში დაბრუნება მოესწრო.
"იესო ქრისტე, ძე ღვთისა სიღარიბეში დაიბადა და ამით გვამცნო, რომ ყველა ღარიბი ღვთის შვილია", - განაცხადა პონტიფიკოსმა საშობაო მიმართვისას.
რომის პაპის თქმით, შობამ ყველა ადამიანი უნდა დააფიქროს იმ უსამართლობაზე, რომელსაც ადამიანები მათი დებისა და ძმების მიმართ იჩენენ.
პონტიფიკოსმა მოუწოდა მრევლს ნაკლებად იზრუნონ მატერიალური სიკეთის მოსაპოვებლად და მეტი დრო დაუთმონ ღარიბი ადამიანების დახმარებას.
პაპმა ფრანცისკემ მრევლთან მიმართვისას აღნიშნა, რომ ყველამ უნდა მიჰბაძოს იესო ქრისტეს, რომელიც სიღარიბეში დაიბადა და მატერიალურ სიკეთეზე ზრუნვისას არ დაკარგონ ცხოვრების რეალური მნიშვნელობა.
25 დეკემბერს ქრისტიანული სამყაროს უდიდესი ნაწილი ქრისტეშობას აღნიშნავს.
ფოტო: Reuters