გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტო ქვეყანაში ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის გაუმჯობესების მიმართულებით აქტიურად მუშაობს.
მიმდინარე წელს დასრულდა ინიციატივა "ჰაერის ხარისხის მართვის შესაძლებლობების გაუმჯობესება საქართველოში", რომელიც გაეროს განვითარების პროგრამის "მმართველობის რეფორმის ფონდის" (UNDP-GRF) პროექტის ფარგლებში შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდებოდა.
მონიტორინგის სადგურების გამართული და უწყვეტი მუშაობის უზრუნველსაყოფად, შეიქმნა მათი მომსახურების ტექნიკური ინსტრუქციები და გადამზადდა გარემოს ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები.
გარდა ამისა, სააგენტომ შეიმუშავა შესაბამისი საკანონმდებლო და სისტემური მექანიზმები, რომელთა მეშვეობითაც შესაძლებელია საქართველოს პოლიტიკისა და პრაქტიკის შესაბამისობაში მოყვანა ევროკავშირის „სუფთა ჰაერი ევროპისთვის“ პროგრამის (CAFE დირექტივა) მოთხოვნებთან.
ასევე, შემუშავდა ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ქსელის განვითარების გზამკვლევი, მათ შორის სადგურების რაოდენობისა და განთავსების ადგილების იდენტიფიცირებითა და ქსელის განვითარების, ოპერირებისა და ტექნიკური მომსახურებისათვის საჭირო რესურსების შეფასებით, რაც გარემოს ეროვნულ სააგენტოს შესაძლებლობას მისცემს მიიღოს სრულყოფილი მონაცემები ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მდგომარეობის შესახებ.