მედიის გამჭირვალეობის შესახებ კანონის მიღების შემდეგ საზოგადოებას საშუალება მიეცემა გაიგოს, ქართულ მედიასაშუალებებში "ვინ უკვეთავს მუსიკას". ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" გაზეთ "24 საათის" მთავარმა რედაქტორმა პაატა ვეშაპიძემ განუცხადა.
"ახალი კანონი ეფექტური იქნება იმ კუთხით, რომ მედიაორგანიზაციებს აღარ ექნებათ საშუალება, დამალონ, ვისგან ფინანსდება ორგანიზაცია. ამას კერძო საკუთრების საიდუმლოებას ვეღარ დაარქმევენ და როგორც ფინანსების, ასევე მედიაორგანიზაციის მიმართულებაც გამჭვირვალე გახდება", - აღნიშნა ვეშაპიძემ.
მისი თქმით, აღნიშნული კანონის მიღების შემდეგ ჟურნალისტებს საქმიანობა, კერძოდ ამა თუ იმ მედიაკომპანიის მიმართ გამოძიების და მოკვლევის ჩატარება, გაუადვილდებათ და მათ ინფორმაციას ვეღარ დაუბლოკავენ.
"საზღვარგარეთის ქვეყნებშიც კონკრეტული პროექტების უკან პოლიტიკოსები დგანან, მაგრამ იქ მედიის მუშაობა გამჭვირვალეა და ყველასთვის ცნობილია ამა თუ იმ გადაცემის მიზანი. ახალი კანონით, საქართველოს საზოგადოებას საშუალება ექნება, ნებისმიერი მედიაორგანიზაციის მიმართულების შესახებ საჯარო ინფორმაცია მიიღოს, რადგან როდესაც დამფინანსებელი ცნობილია, ნათელი ხდება ვინ უკვეთავს მუსიკას", - აღნიშნა ვეშაპიძემ "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას.