სესხების გადავადების პირველი ტალღის დროს, რომელიც ძირითადად მარტსა და აპრილში მოხდა, ბანკებმა ყველა მსესხებელს, ვისაც სურვილი ჰქონდა, გადაუვადეს სესხები, - აცხადებს სებ-ის პრეზიდენტი. კობა გვენეტაძე ამბობს, რომ პანდემიის დასაწყისში, გადავადების პირველი ფაზის დროს მთლიანი პორტფელის 50 პროცენტზე მეტი სესხი გადავადდა.
"გადავადება მოხდა როგორც გადასახდელი პროცენტის, ასევე ძირი თანხის. შედეგად, პირველი ფაზის დროს პორტფელის 50%-ზე მეტი გადავადდა. გადავადებაში იგულისხმება, რომ იმ პერიოდში მოხდა შეჩერება როგორც ძირის, ასევე საპროცენტო განაკვეთების.
რაც შეეხება გადავადების მეორე ტალღას, ივლისი-აგვისტოში ბანკებმა გადავადება უკვე ინდივიდუალური მიდგომით მოახდინეს იმ მსესხებლებისათვის, რომლებმაც სამსახური დაკარგეს, ან შეუმცირდათ შემოსავალი სხვადასხვა მიზეზის გამო და საჭიროებდნენ ამ გადავადებას, გადავადების მეორე ფაზის დროს, პორტფელის 25%-ზე მეტი გადავადდა“, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.
სებ-ის პრეზიდენტის თქმით, მიმდინარე პერიოდში 30 დღეზე მეტი ვადაგადაცილებული სესხების წილი პორტფელში 2.5%-ია, რადგანაც ბანკები აკეთებენ რესტრუქტურიზაციას, ანუ უცვლიან მსესხებლებს გადახდის გრაფიკს, მსესხებლის შესაძლებლობების გათვალისწინებით. შედეგად, რესტრუქტურიზებული სესხების მაჩვენებელი გაიზარდა და ოქტომბრის მდგომარეობით, 11.6%-ია.