საქართველოში კორონავირისის ვაქცინა ხელმისაწვდომი გაზაფხულიდან იქნება. ამის შესახებ დღევანდელი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი. ვაქცინა პირველ ეტაპზე მოსახლეობის 20 პროცენტის აცრისთვის იქნება გათვლილი.
თუმცა, ამირან გამყრელიძის თქმით, მიმდინარეობს მუშაობა რომ იანვრის ბოლოს ან თებერვლის დასაწყისში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დამტკიცებული ერთ-ერთი ვაქცინა ქვეყანაში შემოიტანონ.
"ვყიდულობთ მილიონ 400 ათას დოზას ამ covax პლატფორმით. ჩვენ არ ვიცით ჯერ რომელი იქნება ამ დამტკიცებული ვაქცინებიდან. როგორც ჩვენ ვიცით და გვაქვს ინფორმაცია, covax შეისყიდის დაახლოებით 4-5 ვაქცინას და ჩვენ ისეთი კონტრაქტით გვაქვს ფული გადახდილი, რომ ჩვენ ამ 4-5 -დან შეგვიძლია ავარჩიოთ რომელი შემოვიტანოთ საქართველოში. შემოტანის დრო, დიდი ალბათობით უნდა იყოს სადღაც მარტი-აპრილი. მიმდინარეობს პარალელური პროცესი საგარეო საქმეთა სამინისტროს და სამთავრობო არხებით, რომ მარეგულირებლების მიერ და მათ შორის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დამტკიცებული ერთ-ერთი ვაქცინა შემოტანილი იქნეს ქვეყანაში უფრო ადრე, ანუ ამაზე მიმდინარეობს მუშაობა. იანვრის ბოლოს ან თებერვლის დასაწყისში, დაახლოებით საუბარია 200-დან 300 ათას დოზაზე, რათა რაც შეიძლება უფრო ადრეულ ეტაპზე დაიწყოს ქვეყანაში ვაქცინაცია“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.