შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტები - ბილ კლინტონი, ჯორჯ ბუში და ბარაკ ობამა მზადყოფნას გამოთქვამენ, კორონავირუსის ვაქცინა საჯაროდ, ტელეკამერების წინ გაიკეთონ, რათა ხელი შეუწყონ მოსახლეობის ვაქცინისადმი ნდობის ჩამოყალიბებას. ამის შესახებ CNN-ი იუწყება.
ყოფილი პრეზიდენტები იმედოვნებენ, რომ აღნიშნული კამპანია ძლიერი მესიჯი იქნება მოსახლეობისათვის, ვაქცინის უსაფრთხოებისა და ეფექტურობისადმი ნდობის ასამაღლებლად იმ ფონზე, როდესაც ჯანდაცვის ოფიციალური პირები ცდილობენ, საზოგადოება ვაქცინაციის საჭიროებაში დაარწმუნონ.
ჯორჯ ბუშის პრესმდივანმა, ფრედი ფორდმა CNN-თან საუბრისას აღნიშნა, რომ პრეზიდენტი ბუში დაუკავშირდა ენტონი ფაუჩისა და დებორა ბირქსს და ვაქცინის პოპულარიზაციაში დახმარება აღუთქვა.
"უპირველესად, მნიშვნელოვანია მოხდეს ვაქცინის დამტკიცება და მათი პრიორიტეტული ჯგუფებისთვის განაწილება. შემდეგ კი პრეზიდენტი ბუში მზად არის ვაქცინა თავადაც გაიკეთოს ტელეკამერების თვალწინ", - განაცხადა ფრედი ფორდმა.
ბილ კლინტონის პრესმდივანმა განაცხადა, რომ ყოფილ პრეზიდენტს სურს, ვაქცინის პოპულარიზებას ხელი შეუწყოს და ვაქცინა საჯაროდ გაიკეთოს.
მანამდე პრეზიდენტმა ბარაკ ობამაც გამოთქვა საჯაროდ, ტელეკამერების წინ ვაქცინაციის მზაობის შესახებ.
ობამას თქმით, თუ ენტონი ფაუჩი იტყვის, რომ ვაქცინა უსაფრთხოა, ის მას ენდობა და ვაქცინას საჯაროდ გაიკეთებს.