მთელი მსოფლიოს მეცნიერთა ყურადღება ძირითადად ახალი კორონავირუსის პანდემიისკენაა მიპყრობილი, დაავადება კოვიდ-19-ზე მიმდინარე კვლევებით დაწყებული, ვაქცინების შექმნით და მკურნალობის საშუალებათა მოძიებით დამთავრებული. ეს გასაკვირი არ არის, რადგან პანდემიის გამო, დღეს სასწორზე არამარტო ადამიანთა ჯანმრთელობა და სიცოცხლე, არამედ მათი უსაფრთხოება და ეკონომიკური კეთილდღეობაც დგას.
თუმცა, ჯანმრთელობის აქამდე არსებულ ბევრ სერიოზულ პრობლემასაც თუ უფრო მეტი არა, არანაკლები მნიშვნელობა აქვს. მათ შორის ერთ-ერთი წამყვანია კიბო - არაგადამდები, მაგრამ კოვიდ-19-ზე გაცილებით მომაკვდინებელი დაავადება.
კიბომ ბოლო წლებში ბევრ დაავადებას გაუსწრო და გლობალურად, სიკვდილობის გამომწვევ რიგით მეორე მიზეზად ითვლება. სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინებით, კიბოს დიაგნოზი ყოველთვის სასიკვდილო განაჩენს არ უდრის, მაგრამ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ამ დაავადებით დედამიწაზე საშუალოდ ყოველი მეექვსე ადამიანი კვდება. კიბოს სახეობებში ყველაზე დიდი სიკვდილობა ახასიათებს ფილტვის, ძუძუს, პროსტატის და კუჭ-ნაწლავის კიბოს.
იაპონელმა მეცნიერებმა ბუნებრივი ორგანული შენაერთების კომბინაციით, კიბოს მკურნალობის ისეთი ახალი მეთოდი აღმოაჩინეს, რომელიც მათი ახალი კვლევის მიხედვით, კიბოს უჯრედებს არსებულ პრეპარატებზე 4-ჯერ უფრო ეფექტურად კლავს. ამასთან, ის ადამიანის ჯანმრთელ უჯრედებს არ აზიანებს.
ჯერჯერობით ეს მხოლოდ მეთოდია, რომელიც სამკურნალო პრეპარატების შექმნას უნდა დაედოს საფუძვლად. აღმოჩენის ავტორები ტოკიოს სამეცნიერო უნივერსიტეტის მეცნიერები არიან.
სამეცნიერო ჯგუფის ხელმძღვანელია პროფესორი კოუჯი კურამოჩი. „ჩვენ მივაგენით ძალზე მრავალფეროვან სინთეზის მეთოდს, რომელიც მარტივია და ბევრი სხვა ნატურალური პროდუქტის სინთეზისთვისაც შეიძლება გამოდგეს“. ამასთან ერთად, „ვინაიდან ოქსიდაციური დაწყვილების რეაქცია მხოლოდ ჟანგბადის საშუალებით ხდება, სინთეზის ეს მეთოდი გარემოსაც არ აბინძურებს“ - აღნიშნავს პროფესორი კურამოჩი.
კიბოსთან ბრძოლის იარაღს მათ ორგანულ ნაერთებში მიაგნეს, სახელად „ფენაზინები“. ეს აზოტის შემცველი ჰეტეროციკლური ნაერთების დიდი ჯგუფია. ბუნებაში ასზე მეტი "ფენაზინის" ნაერთი ნატურალურად მოიპოვება და სინთეზით 6 ათასზე მეტის მიღება შეიძლება.
მათი ერთი ნაწილი, სახელად „ფენაზინონები“, ცნობილია ანტიბაქტერიული, სოკოს საწინააღმდეგო და ციტოტოქსიკური თვისებებით. ციტოტოქსიკურობას კიბოს წინააღმდეგ ბრძოლაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება. თუ შევძელით ციტოტოქსიკური ნაერთების მიმართვა კიბოს უჯრედების წინააღმდეგ, პრაქტიკულად კიბოს მოსპობა შეგვეძლება - ამბობს პროფესორი კურამოჩი.
იაპონელი მეცნიერები ექსპერიმენტებს სწორედ ციტოტოქსიკური „ფენაზინების“ სხვადასხვა ტიპის სინთეზზე ატარებდნენ. პროფესორ კურამოჩის თქმით, „მათი მიღება საკმაოდ რთულია ისეთი ბუნებრივი წყაროდან, როგორიცაა ბაქტერია“.
საბოლოო ჯამში, მათ წარმატებას მიაღწიეს. ყველა ნაერთის სინთეზირებაზე ექსპერიმენტირების შემდეგ, მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ მათ შორის მარტო ერთი - 2-Chloropyocyanin - გამოირჩეოდა მაღალი ციტოტოქსიკურობით ფილტვის კიბოს უჯრედების მიმართ. აღმოჩენა დეტალურადაა აღწერილი კვლევაში, რომლითაც ამერიკელ ქიმიკოსთა საზოგადოება დაინტერესდა.
პროფესორი კურამოჩი ამბობს, რომ გუნდთან ერთად, სულმოუთქმელად ელის „ფენაზინონის“ გამოყენებას კლინიკურ კვლევებში, რომელთა ჩატარებაც ჯერ ცხოველებზე იგეგმება. იაპონელი მეცნიერები დარწმუნებულები არიან იმაში, რომ მათ სწორი მიმართულება აქვთ აღებული, რადგან მიგნებული მეთოდი კიბოს უჯრედებზე ოთხჯერ უფრო მომაკვდინებლად მოქმედებს, ვიდრე ტრადიციული საშუალებები. ამასთან, „ფენაზინონები“ მინიმალური გვერდითი მოვლენებით გამოირჩევიან და კიბოს უჯრედების სელექციურად ისე კლავენ, რომ ჯანმრთელ უჯრედებს არ აზიანებენ.
1881 წელს დაარსებული ტოკიოს სამეცნიერო უნივერსიტეტი ცნობილი კერძო კვლევითი ცენტრია, რომელსაც იაპონიის დედაქალაქში და ჰოკაიდოში 4 ფილიალი აქვს. უნივერსიტეტის მკვლევართა ნაშრომი ამერიკულ სამეცნიერო ჟურნალში სამშაბათს გამოქვეყნდა. მისი დეტალურად გაცნობა შესაძლებელია ჟურნალის "ამერიკელ ქიმიკოსთა საზოგადოება ომეგა", 17 ნოემბრის გამოშვებაში.
წყარო: "ამერიკის ხმა"