მამლის ყივილამდე გრიგოლ ვაშაძის წინააღმდეგ სერიოზული გალაშქრება და ჩატკეპნა სამჯერ მოასწრეს. შემდეგ მის ნაცვლად ახსნა-განმარტებითი ბარათი გამოაქვეყნეს. ეს ბარათი სააკაშვილმაც კი გამოაქვეყნა, მაგრამ შიგნით რა დაძაბულობა და დაპირისპირებაა, ამას ვერავინ იტყვის, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.
მისივე თქმით, მსგავსი მოსაზრებები მხოლოდ გრიგოლ ვაშაძეს არ აქვს.
"იმედია, პარტიები და საზოგადოების ნაწილიც სწორედ ასე ფიქრობს, მაგრამ საბოლოოდ, როგორ იქნება ინტერპრირებული გრიგოლ ვაშაძის ნათქვამი და როგორი პროდუქტი დაიდება "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან, არ ვიცი. "ნაციონალურმა მოძრაობამ" არაერთი პოლიტიკური პარტია ძალიან მოხერხებულად გამოიყენა, მათ შორის ერთკაციანი პარტიები. მრავალპარტიულობა წარმოაჩინა პოლიტიკურად დაპირისპირებული სუბიექტების. რეალურად კი, ის გააკეთა, რაც მას აინტერესებდა. ვითარება გადაძაბა და ისეთი ჩიხური მდგომარეობა შექმნა, როცა პრაქტიკულად, მოლაპარაკებებისთვის არანაირი რესურსი არ რჩება. სახელმწიფო შენობების ბლოკირება, რევოლუციური სცენარის განვითარება არ არის ახალი, ამაზე 2014 წლიდან ვსაუბრობთ. ისინი ამ მიზნით გამოიყენა და ამ მიზანს ახლა რეალიზებას კვლავ მათი დახმარებით უკეთებს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ქვეყნისა და მისი ისტორიის წინაშე პასუხისმგებლობა გადაწონის იმ დესტრუქციას, რასაც "ნაციონალური მოძრაობა" აწარმოებს", - განაცხადა გია ვოლსკიმ.