დრამატულია ვითარება, როდესაც ქართული პოლიტიკა დღემდე ვერ სთავაზობს ამომრჩეველს „ოცნების“ საპირწონე ჯანსაღ ალტერნატივას, - ამის შესახებ ამბობს საარჩვენო ვიდეომიმართვაში პოლიტიკური გაერთიანება ,,ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი.
მისი თქმით, ის პატივს სცემს საქართველოს ყველა მოქალაქის არჩევანს და დრამატულს ვერაფერს ხედავს იმაში, რომ მათი გარკვეული ნაწილი მხარს არ უჭერს „ქართულ ოცნებას“.
„დრამატულია ვითარება, როდესაც ქართული პოლიტიკა დღემდე ვერ სთავაზობს ამომრჩეველს „ოცნების“ საპირწონე ჯანსაღ ალტერნატივას და პოლიტიკური მრავალფეროვნების მიუხედავად, ოპოზიციურ ველზე კვლავ დომინირებს რევანშზე ორიენტირებული, დესტრუქციული ძალა, რის გამოც, „ქართული ოცნების“ საწინააღმდეგო არჩევანი, პრაქტიკულად, ამ ძალის სასარგებლოდ გაკეთებულ არჩევანს ნიშნავს.
ჩვენ ხომ ზედმიწევნით კარგად ვიცით, რას უქადის ეს არჩევანი ჩვენს სამშობლოს და სწორედ ამიტომ, ჩვენი ვალია, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა ასპროცენტიანი გამოცხადებით დავიცვათ ისინიც, ვინც მცდარ არჩევანს გააკეთებენ, რათა არ დავუშვათ, რომ ემოციით ნაკარნახევი გადაწყვეტილებით დასაჯონ ქვეყანა და საკუთარი თავი. ისინი ხომ, განსხვავებული ხედვის მიუხედავად, ჩვენი სისხლი და ხორცი - ჩვენი ძმები და დები არიან”, - ამბობს ივანიშვილი.