ემოციურად დატვირთული საარჩევნო კამპანიის მიწურულს, კვლავ მახსენდება 2012 წლის ის ბობოქარი დღეები, როდესაც ერთ მუშტად შეკრულებმა, ერთად გავაკეთეთ ისტორიული არჩევანი თავისუფლების სასარგებლოდ, უარი ვუთხრით ადამიანის ჩაგვრაზე დაფუძნებულ რეჟიმს და მთელ მსოფლიოს გავაგებინეთ, რომ სამიათასწლოვანი ისტორიის მქონე, თავისუფლებისმოყვარე, ღირსების მატარებელი ხალხი აღარასოდეს შეეგუება ძალადობას და უსამართლობას, - ამის შესახებ ამბობს საარჩვენო ვიდეომიმართვაში პოლიტიკური გაერთიანება ,,ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი.
ვიდეომიმართვაში ივანიშვილი მიმართავს „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს, რომ არჩევნებში მონაწილეობა ყველამ მიიღოს.
„ეს ჩვენი ვალია ქვეყნის, მისი მომავლის, ერთმანეთის და რაც არ უნდა უჩვეულოდ მოგეჩვენოთ, იმათ წინაშეც, ვინც ხვალ სხვა პარტიის სასარგებლოდ გააკეთებს არჩევანს. ფაქტია, რომ ყველას დარწმუნება ვერ შევძელით, რაც დემოკრატიის პირობებში სავსებით ნორმალურია.
ფაქტია, რომ ყველა ის წარმატება, რისი მიღწევაც ოცნებამ ამ რთულ პერიოდში მოახერხა და შეძლო, არ აღმოჩნდა საკმარისი უმცირესობაში მყოფი, ჩვენდამი კრიტიკულად განწყობილი ადამიანების დასარწმუნებლად და ხვალ ისინი განსხვავებულ არჩევანსაც გააკეთებენ.
მაგრამ ჩვენ მეტნი ვართ, გაცილებით მეტნი და სწორედ ეს არის უმრავლესობის პასუხისმგებლობა უმცირესობის წინაშე, რომ შევძლოთ და დავაზღვიოთ მათი შეცდომაც, რათა მათვე არ დაუჯდეთ ძვირი საკუთარი მცდარი გადაწყვეტილება”, - ამბობს ივანიშვილი.