თქვენც, ალბათ გაგიხარდებოდათ გვამებით მოფენილი ზუგდიდური ტროტუარები. ასე მიმართა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს "ქართული ოცნების" ოფისში გამართულ ბრიფინგზე, სადაც მან სხვა საკითხებთამ ერთად, ზუგდიდში ბანკზე განხორციელებულ თავდასხმაზე ისაუბრა.
თეა წულუკიანმა შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურსა და სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის მთლიან შემადგენლობას მადლობა გადაუხადა წარმატებული სპეცოპერაციისთვის.
"ზუგდიდში ჩვენ არ ვიხილეთ სისხლისღვრა. ეს არის მთლიანად იმ სახელმწიფო სტრუქტურების და პოლიციის დამსახურება, რომელსაც თქვენ, სამწუხაროდ, ჩამოშლილს უწოდებთ. თქვენ თუ ეს ჩამოშლად მიგაჩნიათ, ალბათ არჩამოშლად მიიჩნევდით იმას, რომ ჩვენ, ღმერთმა დაგვიფაროს და გაგვღვიძებოდა ისეთ ზუგდიდში, სადაც ტროტუარი მოფენილი იქნებოდა გვამებით. ალბათ ეს უფრო იქნებოდა მავანისთვის სასიხარულო.
მადლობა პოლიციას, რომ ეს ასე არ მოხდა. ბატონი მინისტრი პირველივე საათებიდან ზუგდიდში იმყოფებოდა და პირადად მართავდა ადამიანების სიცოცხლის გადარჩენის ამ პროცესს.
მათ შორის, თქვენც, ალბათ გაგიხარდებოდათ გვამებით მოფენილი ზუგდიდური ტროტუარები, რაც არ მოხდა. კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა პოლიციას. მე მიკვირს, რომ ადამიანებს არ მოსწონთ ის, რომ ადამიანების სიცოცხლე იქნა გადარჩენილი", - განაცხადა წულუკიანმა.