„სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი სერგო ჩიხლაძე ქვეყანაში შექმნილ მძიმე კოვიდმდგომარებას მთავრობის უმოქმედობას უკავშირებს და მიაჩნია, რომ უკვე დაკარგეს სიტუაციის კონტროლი და მათი ქაოტური ქმედებები კიდევ უფრო მეტად ამძიმებს და ართულებს მდგომარეობას.
ჩიხლაძის შეფასებით, თუ ქართული ოცნების მთავრობა გააგრძელებს ქვეყნის წარუმატებელ მართვას მოსახლეობა მძიმე სოციალურ დგომარეობაში და ქვეყნის ეკონომიკა კი, კოლაფსის პირას აღმოჩნდება.
პარტიის ერთ-ერთი ლიდერის განცხადებით, საქართველო ნამდვილად გახდება მოწინავე ქვეყანა, რომელიც წარმატებით შეებრძოლება ეპიდემიას და დაამარცხებს მას. როგორც ჩიხლაძე აცხადებს, ამისთვის საჭიროა სულ რაღაც 9 დღეში გავაკეთოთ სწორი არჩევანი და ოცნების ფულის მკეთებელთა და არაპროფესიონალთა გუნდი გავუშვათ ხელისუფლებიდან.
სერგო ჩიხლაძის თქმით, მოქალაქეების ჯანმრთელობის დასაცავად და ეკონომიკისგან გადარჩენისთვის საჭიროა კრიზისის მართვისა და დაძლევის მწყობრი და მოწესრიგებული გეგმა.
"კორონა კრიზისი კიდევ უფრო მძიმდება ქვეყანაში - ათიათასობით დადასტურებული შემთხვევა და ასობით გარდაცვლილი. მთავრობამ დაკარგა კონტროლი სიტუაციაზე და მათი ქაოტური მოქმედებები ვერ შეებრძოლება ვირუსის გავრცელებას. მთავრობა და სამთავრობო სპიკერები იმდენად დაბნეულები არიან, რომ მათი გზავნილებიც კი საზოგადოებისადმი მოკლებულია ყველა საღ აზრს: არ დარეკოთ 112-ში, კოვიდ სასტუმროში ადამიანს მკურნალობა არ ჭირდება და მხოლოდ დასასვენებლად ვუშვებთ, სასწრაფო თუ არ მოდის არაუშავს და მრავალი სხვა. კიდევ მრავალი ადამიანის სიცოცხლე დადგება რისკის ქვეშ, ათასობით ბიზნესი გაკოტრდება და ათასობით სამუშაო ადგილი დაიკარგება, თუ ქართული ოცნება გააგრძელებს თავის წარუმატებელ მართვას ამ ქვეყანაში.
გეგმა, რომელიც ჯერ კიდევ 7 თვის წინ შევადგინეთ და მოვუწოდეთ მთავრობას, რომ გამოეყენებინა. ამის ნაცვლად, მთავრობამ განვლილი 7 თვე სრულ უმოქმედობაში და „ქართულ-ჯიგრულ პონტში“ ფულის კეთებაში გაატარა. შედეგად მივიღეთ უკონტროლო ეპიდემია დაკეტილ ქვეყანაში, ასობით ათასი გაღარიბებული ადამიანი, კოვიდ სასტუმროებში და ბინებში უმეთვალყურეოდ გარდაცვლილი პაციენტები და გახარიას ლიტონი სიტყვები და არაფრისმთქმელი დაპირებები. ჩვენი გეგმა ითვალისწინებს სწრაფი დიაგნოსტიკის წერტილების იდენტიფიცირებას და აღჭურვას; პირველადი ჯანდაცვის ექიმების სრულ მობილიზაციას; თითოეულ მოქალაქეს ეცოდინება ვისთან, რომელ ოჯახის ექიმთან არის მიმაგრებული და ამისთვის შემუშავდება პროგრამული უზრუნველყოფა - პირადი ნომრის აკრეფით მოქალაქეს ეცოდინება ვისთან გადის კვალიფიციურ კონსულტაციას საჭიროების შემთხვევაში; ტესტების დაჩქარებული შესყიდვაა და შემოტანას; პაციენტთა ნაკადების სწორ მართვას; ჰოსპიტალური სექტორის აღჭურვას; სამედიცინო დარგის ადამიანური რესურსების სრულ მობილიზაციას. ჯერ კიდევ მარტის ბოლოს გვქონდა გეგმა რომ შემოგვეტანა ანტიგენზე დაფუძნებული 1 მილიონი ტესტი, მაშინ როდესაც გახარია ახლა ალაპარაკდა ამ სწრაფ ტესტებზე და დღეიდან ვიწყებთ მსგავსი ტესტების გამოყენებასო. არადა, 6 და 7 თვის წინ გაცილებით მარტივი იქნებოდა ამის გაკეთება და ინფექციის კონტროლიც მიღწეული იქნებოდა რამდენიმე ასეული ინფიცირებულის პირობებში, ვიდრე ათეულ ათასობით ინფიცირებულის პირობებში იქნება და ეპიდ სიტუაციაც არ გაგვექცეოდა კონტროლიდან. და რაც მთავრია, მასიური, დიახაც მასიური ტესტირების დაწყება. ვიწყებთ სარისკო ჯგუფებიდან და თანდათანობით მოვიცავთ მოსახლეობის დიდ მასას. 3 მილიონიან ქვეყანაში ეს შესაძლებელია, ამას აკეთებ ახლა სლოვაკეთი და ამაზე ფიქრობს ახლა ბევრი ჩვენი ზომის ქვეყანა. დიახ, ჩვენ ამას გავაკეთებთ, გვაქვს ამის უნარიც, ხედვაც, გაწერილი სტრატეგიაც და ქვეყანაშიც არიან ძლიერი პროფესიონალები, რომელთაც გამოყენება ეფექტურად მოხდება სწორი პოლიტიკისა და სტრატეგიის პირობებში. მხოლოდ ჩვენი გეგმის საშუალებით გვექნება საშუალება ვირუსის კონტროლისა და არასწორი შეზღუდვების ნაცვლად ეფექტური და გონივრული ზომების დანერგვა მოხდება. ეს არ არის მხოლოდ საარჩევნო თემა, ეს ეხება ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობას და ჩვენი ეკონომიკის გადარჩენას. საქართველო ნამდვილად გახდება სამოდელო ქვეყანა, რომელიც წარმატებით შეებრძოლება ეპიდემიას და დაამარცხებს მას. ამისთვის საჭიროა სულ რაღაც 9 დღეში გავაკეთოთ სწორი არჩევანი და ოცნების ფულის მკეთებელთა და არაპროფესიონალთა გუნდი გავუშვათ ხელისუფლებიდან. დრო აღარ ითმენს", - განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.