მტკიცედ გვწამს, რომ განათლება უმოკლესი გზაა თავისუფლებისკენ - განაცხადა ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა 2020 წლის საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლას.
მისი თქმით, „ქართული ოცნების“ მმართველობის დროს განათლების სფეროში გასამმაგებულია ხარჯები.
„შედარებისთვის, 2013-2020 წლებში, განათლების მიმართულებით 11 მილიარდ ლარზე მეტი დაიხარჯა მაშინ, როცა წინა ხელისუფლების პირობებში, მხოლოდ 4 მილიარდ 600 მილიონი ლარი.
ჩვენ გავაორმაგეთ მასწავლებელთა ხელფასები და დღეს 400 ლარის ნაცვლად, კვალიფიციური მასწავლებლების ანაზღაურება, 1000 ლარს აღემატება.
განათლების უპრეცედენტო რეფორმის ფარგლებში, ვაგრძელებთ ახალი სკოლების მშენებლობას, არსებულის რეაბილიტაციას და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მათ აღჭურვას;
ღირსეულად გავაცილეთ ჩვენი ღვაწლმოსილი პედაგოგები და შევქმენით დამატებითი მოტივაცია სკოლებში, განსაკუთრებით, რეგიონებისა და მთის სკოლებში პედაგოგთა ახალი თაობის მოსაზიდად“, - თქვა ივანიშვილმა.