ევროკავშირის ქვეყნების მიერ, 2013 წლიდან დაიწყო საქართველოს "უსაფრთხო ქვეყნად" აღიარების პროცესი, მანამე ე.წ. "შავ სიაში" ჰყავდათ შეყვანილი - განაცხადა "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა 2020 წლის საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლას.
მისი თქმით, ეს იმიტომ, რომ საქართველოში დაცულია ადამიანის სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებები, სადაც პოლიტიკური ნიშნით მოქალაქეები არ იდევნებიან.
"დღეს ამ სახელმწიფოთა 90 პროცენტი, საქართველოს "უსაფრთხო ქვეყნად" აღიარებს. ეს არის რეალობა, რომელსაც როგორც დარწმუნდით ჩვენთან ერთად საერთაშორისო მონიტორებიც ერთხმად აღიარებენ. ერთადერთი ძალა, რომელიც ამ სიმართლეს გაურბის "ნაციონალური მოძრაობა" და მისი პროპაგანდაა, რომელიც ჯიუტად არ იმჩნევს ესოდენ თვალსაჩინო პროგრესს, რადგან ქვეყნის წარმატებას, საკუთარ უბედურებად მიიჩნევს.
"ქართულმა ოცნებამ", ხელისუფლებაში მოსვლისთანავე, მთლიანად შეცვალა პოლიტიკური ფილოსოფია და სახელმწიფოს ღერძად, უმთავრეს პრიორიტეტად, ადამიანი აქცია. სწორედ ამიტომ, ერთი კაცის შეუზღუდავ ძალაუფლებაზე მორგებული, მახინჯი კონსტიტუციის ნაცვლად, ახალი, ჭეშმარიტად ევროპული სტანდარტის კონსტიტუცია მივიღეთ, რადგან ეს არის ევროპული გზა, ნამდვილი ევროპული ღირებულება, - დემოკრატია სხვა ღირებულებას უბრალოდ, არ იცნობს", - თქვა ივანიშვილმა.