გამჭრიახმა ქართველმა ხალხმა სატყუარა არ მიიღო და ზედიზედ ხუთ არჩევნებში უარი უთხრა „ნაციონალურ მოძრაობას, - განაცხადა ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა 2020 წლის საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლას.
„პერმანენტული მარცხით გაწბილებულებმა და ხელმოცარულებმა სხვა გზა რომ ვერ ნახეს, ბოროტად ისარგებლეს ხელისუფლების უნებლიე შეცდომის გამო აღელვებული ახალგაზრდობის გულწრფელი პროტესტით და მათ ხარჯზე სცადეს ძალაუფლების არალეგიტიმური გზით დაბრუნება - საქართველოს პარლამენტზე მიიტანეს ძალადობრივი შტურმი.
სახელმწიფომ გაუძლო ამ გამოწვევას და აღკვეთა ამბოხი, რასაც შედეგად, ჩვენდა სამწუხაროდ, ათეულობით დემონსტრანტის და სამართალდამცავის ჯანმრთელობის დაზიანება მოჰყვა. იყო, სამწუხარო გადაცდომებიც, ადგილი ჰქონდა ძალის გადამეტებასაც.
სწორედ ამ ფონზე შემოიტანა ნაციონალურმა პროპაგანდამ, ჩაფლავებული „უნიათობის“ პარალელურად, ტერმინი - „სისხლიანი რეჟიმი“ - დამნაშავემ მსხვერპლის მანტია მოირგო, და დიქტატურასა და ტირანიაზე ურცხვად ალაპარაკდა.
არც ამან იმუშავა. ხალხის მოტყუება კვლავაც ვერ შეძლეს.
მერე, როგორც ჩანს, თავადვე აღმოაჩინეს, რომ „უნიათო ტირანია“ ლოგიკურად არათავსებადი ცნებების ნაზავი და საღ აზრთან წინააღმდეგობაში მყოფი ნამდვილი აბსურდი იყო და ისევ ძველ ტაქტიკას დაუბრუნდნენ.
ოღონდ ერთი შესწორებით - თუკი ადრე, ხელისუფლების დისკრედიტაციისთვის სუსტი და იოლად უარსაყოფი არგუმენტები მაინც მოჰყავდათ, აპელირებდნენ ციფრებით, პროცენტებით, მანიპულირებდნენ სტატისტიკით, დღეს ამაზეც უარი თქვეს. ფაქტი, მოვლენა, და არგუმენტი, საერთოდ გაქრა მათი რიტორიკიდან. დარჩა მხოლოდ იარლიყი და დაუსაბუთებელი ბრალდება, როგორც ჭეშმარიტების უკანასკნელი ინსტანცია.
და რადგან დღეს, აღარ გააჩნიათ ფიზიკური ტერორის ბერკეტი, ახლა ნამდვილ მორალურ ტერორს უწყობენ ჩვენს ხალხს - ცდილობენ დათესონ შიში, სასოწარკვეთა, და უიმედობა. რას აღარ აგონებენ ხალხს, რომ თითქოს გაჩერდა ეკონომიკა, თითქოს გაჩერდა მშენებლობა, თითქოს ჩამოშლილია პოლიცია, თითქოს წაგვლეკა კრიმინალმა და ისევ 90-იანებში აღმოვჩნდით, თითქოს შეჩერებულია ევროინტეგრაცია და ქვეყანა კორუფციის ჭაობშია ჩაფლული, რომ თითქოს არ არსებობს სასამართლო და დაინგრა ყველა დემოკრატიული ინსტიტუტი, თითქოს განვითარება შეჩერებულია, თითქოს ქვეყანა კატასტროფისკენ მიექანება და საერთოდ, რა დღიდანაც ისინი აღარ არიან ხელისუფლებაში, ქვეყანა უფსკრულშია.
„ჭაობი“, „დაღუპვის წინაშე მდგარი ქვეყანა“, „უპერსპექტივო აწმყო“, - უხვად იფრქვევა, უპრეცედენტოდ თავისუფალი მედია-გარემოს წიაღში აღმოცენებული, მათი მრავალრიცხოვანი პროპაგანდისტული პლატფორმებიდან.
პრინციპში, არც გაემტყუნებათ - პროგრესი იმდენად თვალსაჩინოა ყველა სფეროში, რომ სრულიად განიარაღებულებს თავად აღარ აწყობთ სტატისტიკაზე საუბარი, რადგან თვალს ვერ უსწორებენ ფაქტებს“, - თქვა ივანიშვილმა.
"ჩვენ გავუსწოროთ:
მაშ ასე, - 2012 წლიდან დღემდე, მართლმსაჯულების სისტემაში:
ექვსჯერ გაიზარდა გამამართლებელი განაჩენების რაოდენობა, და დავიწყებას მიეცა 99%-იანი გამამტყუნებელი განაჩენების ყოვლად სამარცხვინო პრაქტიკა;
თითქმის განახევრდა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების მაჩვენებელი;
160 %-ით გაიზარდა არასაპატიმრო სასჯელის - ჯარიმის გამოყენების მაჩვენებელი;
70 %-ით შემცირდა არასრულწლოვან მსჯავრდებულთა რიცხვი;
35-ჯერ გაიზარდა საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომის სასჯელის ზომად გამოყენების მაჩვენებელი;
25 ათასით შემცირდა იმ პირთა რაოდენობა, რომლებსაც საერთო სასამართლოების მიერ დაეკისრათ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა;
სამჯერ შემცირდა ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების მაჩვენებელი;
200-ჯერ გაიზარდა პოლიციის წინააღმდეგ საჩივრების დაკმაყოფილების მაჩვენებელი;
8-ჯერ შემცირდა საქართველოდან სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაგზავნილი სარჩელების რაოდენობა.
ეს მშრალი სტატისტიკაა, მხოლოდ ციფრები, და არა სუბიექტური ხედვა ან შეფასება", - დასძინა ივანიშვილმა.