მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მანძილზე, უამრავ დამპყრობელთან შეუდრეკელი ბრძოლის შედეგად გამომუშავებულმა გენეტიკურმა გამძლეობამ, შეაძლებინა ჩვენს უშიშარ ხალხს, გაერთიანებულიყო, და “ქართულ ოცნებასთან" ერთად, დაემარცხებინა რეჟიმი, რომელიც მომხდურ მტერზე არანაკლებ დაუნდობლად, და სასტიკად ექცეოდა საკუთარ საზოგადოებას, - განაცხადა "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა 2020 წლის საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლას.
მისი თქმით, საოცარი ცინიზმია, როდესაც, მრავალი სიმხეცის ჩადენით გადაგვარებული, მაგრამ იმავდროულად, საკმაოდ ცბიერი პოლიტიკური გუნდი, აბსოლუტურად უცვლელი შემადგენლობით, მოურიდებლად ცდილობს კვლავაც მოატყუოს ხალხი, და დაიბრუნოს შეუზღუდავი ძალუფლება, რათა ახლა უკვე გაორმაგებული ძალისხმევით, პერსონალურად იძიოს შური ყველა იმ პატრიოტ ადამიანზე, ვინც 2012 წლის ოქტომბერში, თავისი წვლილი შეიტანა მათი ძალადობრივი მმართველობის დასრულებაში.
"გასული კვირების განმავლობაში, ჩვენ მოვისმინეთ ცრუ სინანულისა და თეატრალური თვალთმაქცობის სამარცხვინო მაგალითები, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მათ, სინამდვილეში, ძალიან დაბალი წარმოდგენა აქვთ ქართულ საზოგადოებაზე, და ფიქრობენ, რომ მარტივად და იოლად მოახერხებენ ხალხის ემოციებით და გრძნობებით მანიპულირებას.
სწორედ ამიტომ, ფუნდამენტურად წარმოუდგენელია ჩვენი ხალხის, მისი კულტურის, ტრადიციების, მსოფლმხედველობისა და "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის თანაარსებობა.
ჩვენი მეხსიერებიდან ვერავინ წაშლის უამრავი უდანაშაულოდ მოკლული ახალგაზრდის, და დემონსტრაციულად დახვრეტილი ადამიანების სახეებს.
ჩვენ არასდროს დაგვავიწყდება წლები, როდესაც ადამიანების ღირსების ფეხქვეშ გათელვა, მათი აბუჩად აგდება, დაშინება, უსაფუძვლოდ ციხეებში გამოკეტვა, ულმობელი წამება და დასახიჩრება, ბიზნესის დაწიოკება და საკუთრების წართმევა, ცხოვრების ჩვეულებრივი, ნორმად ქცეული მოვლენა იყო", - თქვა ივანიშვილმა.