გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის თქმით, ზამთარში მოსალოდნელია ინფიცირების ყოველდღიური შემთხვევების მკვეთრი ზრდა. ამის შესახებ ანგელა მერკელმა გერმანიის ფედერალური მიწების ხელმძღვანელებთან შეხვედრისას განაცხადა.
ამავე შეხვედრაზე მერკელმა ახალი შემზღუდავი ზომების მიღების შესახებ განაცხადა, რომლებიც მიზნად ისახავს ქვეყანაში კორონავირუსული ინფექციების ბოლოდროინდელი ზრდის შეჩერებას.
მერკელის თქმით, იმ რეგიონებში, სადაც კორონავირუსის შემთხვევების მატება შეინიშნება, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში არაუმეტეს 50 ადამიანის შეკრება შეიზღუდება.
"ჩვენ ვიცით, რომ მოდის უფრო რთული პერიოდი, შემოდგომა და ზამთარი. ჩვენ გვსურს ვიმოქმედოთ კონკრეტულად და მიზანმიმართულად. არ გვსურს მთელი ქვეყნის გაჩერება. თავიდან უნდა ავიცილოთ ეს", - განაცხადა მერკელმა.
როგორც ანგელა მერკელმა განაცხადა, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების ზრდის ტენდენცია თუ შენარჩუნდა, ზამთრის თვეებში შესაძლოა დღეში 19 000-ზე მეტი შემთხვევა გამოვლინდეს.