"დიდი ოცეულის" - G20 სამიტი, რომელიც წელს როტაციის პრინციპის გათვალისწინებით საუდის არაბეთში უნდა გამართულიყო, ონლაინფორმატში გაიმართება. ამის შესახებ G20-ის წევრი ქვეყნების ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული.
სამიტი 21-22 ნოემბერს გაიმართება და მას საუდის არაბეთის მეფე სალმან იბნ აბდულ-აზიზ ალ საუდი გაუძღვება.
"წლევანდელი სამიტი ფოკუსირებული იქნება ადამიანების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვასა და ეკონომიკის აღდგენაზე. ამისთვის განხილული იქნება პანდემიის დროს გამოვლენილი ყველა სისუსტე, რათა საფუძველი ჩაეყაროს უფრო ნათელ მომავალს", - აღნიშნულია ერთობლივ განცხადებაში.
შეგახსენებთ, G20-ის ქვეყნებმა 11 ტრილიონი დოლარი გამოყო გლობალური ეკონომიკის დასახმარებლად.
კორონავირუსთან დაკავშირებული პრობლემების გარდა, სამიტზე განიხილება სხვა საკითხებიც, განსაკუთრებით ინოვაციური ტექნოლოგიები.
რა არის G-20 და ვინ არიან წევრები?
"დიდი ოცეული" ( Group of Twenty, G-20) მსოფლიო ეკონომიკის მთავარი სტრატეგიული ფორუმია, რომელშიც ერთიანდება მსოფლიოს წამყვანი ეკონომიკის მქონე 19 ქვეყანა და ერთი გაერთიანება. ესენი არიან: ავსტრალია, არგენტინა, ბრაზილია, გერმანია, დიდი ბრიტანეთი, თურქეთი, იაპონია, ინდოეთი, ინდონეზია, იტალია, კანადა, მექსიკა, რუსეთი, სამხრეთ აფრიკა, სამხრეთ კორეა, საუდის არაბეთი, საფრანგეთი, ამერიკის შეერთებული შტატები და ჩინეთი. მეოცე წევრი ევროკავშირია, რომელიც სამიტზე ევროპის კომისიის და ევროპის ცენტრალური ბანკით არის წარმოდგენილი.
მთლიანობაში დიდ ოცეულში შემავალი ქვეყნები მოიცავს მსოფლიო ეკონომიკის 85 პროცენტს, მსოფლიო ვაჭრობის 75 პროცენტს და მსოფლიოს მოსახლეობის ორ მესამედს.
გარდა ამისა, ესპანეთი "დიდი ოცეულის" მოწვეული ქვეყანაა და ის 2008 წლიდან მუდმივად ესწრება "დიდი ოცეულის" სამიტებს. აღსანიშნავია, რომ ყოველწლიურად, მასპინძელი ქვეყნები დამატებით იწვევენ ქვეყნებს თავიანთი შეხედულებისამებრ.
"დიდი ოცეულის" სამიტი ფოკუსირებულია გლობალურ ეკონომიკურ საკითხებზე. ტრადიციულად სამიტის ფარგლებში განიხილება გლობალური ეკონომიკის, ფინანსური ბაზრის, საგადასახადო და ფისკალური პოლიტიკის, ვაჭრობის, სოფლის მეურნეობის, დასაქმების, ენერგეტიკის, კლიმატური პირობებისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხები.