"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი სერგო ჩიხლაძე თელავში, საკარანტინე სივრცეში მამაკაცის გარდაცვალების ფაქტს ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს ფაქტი ჯანდაცვის სისტემის გაუმართავ მუშაობაზე კიდევ ერთხელ მიანიშნებს.
ჩიხლაძეს მიაჩნია, რომ ეს არის დანაშუალი და აღნიშნულ ფაქტან დაკავშირებით, იმ ადამიანების პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს, რომელთა უპასუხიმგებლობამ აღნიშნული ფატალური შედეგი გამოიწვია.
"საკმაოდ ბევრი ფაქტი დაგვროვდა საკარანტინე სივრცეების გაუმართავ მუშაობასთან დაკავშირებით, დღეს კი, უპასუხიმგებლობამ ფატალური შემთხვევაც გამოიწვია - საკარანტინე სივრცეში ახალგაზრდა ადამიანი დაიღუპა. როდესაც სახელმწიფო კარანტინში,ფაქტობრივად, ციხის პირობებში ადამიანებს ანთავსებს, მან პასუხისმგებლობა უნდა აიღოს ელემენტარული ჯანდაცვის საჭიროებების, ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და მათი ჯანდაცვის საჭიროების დაკმაყოფილებაზე. სამწუხაროდ, ბევრი თვითმხილველი აცხადებს, ელემენტარული ჯანდაცვის საჭიროებები ხშირად არ არის გათვალისწინებული საკარანტინე სივრცეებში, ზოგ შემთხვევაში კი, ექიმი ან ექთანი არ არის, ხოლო ზოგ შემთხვევაში როდესაც ადამიანებს სიმფტომები აქვს, უბრალოდ ეუბნებიან, რომ დარჩი ოთახში და თუ რამე ძალიან გაგიჭირდება და "მომაკვდავი გახდები", იმ შემთხვევაში მოვა შენთან ექიმი და სადმე გადაგიყვანთ. ეს არის სრული უპასუხისმგებლობა და უპასხუიმგებლო მენეჯმენტი, ეს არის დანაშაული და ვფიქრობ, რომ მათი პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს, რომლებიც ასეთ მძიმე პირობებში ამყოფებენ გამოკეტილ ადამიანებს. გარდა იმისა, რომ სახელმწიფომ არ გადაამზადა პირველადი ჯანდაცვის რგოლის სამედიცინო პერსონალი, ასევე არ მოამზადა მდგომარეობა იმისთვის, რომ უსიმპტომო და მცირე სიმპტომიანი ადამიანების მკურნალობა ბინის პირობებში ყოფილიყო შესაძლებელი და საკარანტინე სივრცეებში ათასობით ადამიანის გამომწყვდევა საჭირო აღარ გახდებოდა. სახელმწიფომ ასევე არ იზრუნა ამ ადამიანების ფუნდამენტურ უფლებაზე, რაც არის სიცოცხლისა და ჯანდაცვის უფლება, რომელიც ირღვევა ბევრ საკარანტინე სივრცეში. ეს არის სასწრაფოდ გამოსასწორებელი, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ მსგავსი ფატალური შემთხვევები კიდევ დაგვიდგება, რადგან სამწუხაროდ კოვიდ ინფიცირებული ადამიანების შემთხვევები მატულობს და შესაბამისად მოიმატებს საკარანტინე სივრცეებში მოთავსებული ადამიანების რაოდენობაც", - აცხადებს სერგო ჩიხლაძე.
შეგახსენებთ, დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ თელავში, საკარანტინე სივრცეში 29 წლის მამაკაცი გარდაცვლილი ნახეს.