სააკაშვილმა დღეს თქვა, არჩევანი ჩემს და ბიძინას შორის არის, ენმ მოიგებს და კოალიციას გამოვრიცხავო, - ასე ეხმიანება ევროპული საქართველოს წევრი სერგი კაპანაძე Facebook-ზე მიხეილ სააკაშილის ტვ პირველისთვის მიცემულ ინტერვიუს, სადაც სააკაშილმა თქვა, რომ საერთოდ არ ხედავს პარტიულ კოალიციას და არ სჯერა "პოლიტიკური პარტიების და პარტიუკების".
"არჩევანი არ არის მიშას და ბიძინას შორის. ეს არის ჩაკეტილი წრე და ბიძინას და მიშას აწყობთ მხოლოდ ეს. ორივეს თავისი პირადი ძალაუფლებისთვის უნდა. როგორც არასდროს, ისე დაემგვანენ ერთმანეთს.
მიშას მხოლოდ ერთპიროვნული ხელისუფლება უნდა. თუ ხელისუფლებაში მარტო თვითონ ვერ დაბრუნდება, სულაც არ აინტერესებს ბიძინას დამარცხება. მისი ყველა ნაბიჯი ამაზე მეტყველებს (ჩვენთვის მოღალატეების ძახილი, გიგიზე ეჭვიანობა, როცა ციხეში იჯდა, დავბრუნდების ძახილი, მაჟორიტარების ჩაშლა, პრემიერად თავისი თავის დასახელება, ოპოზიციური ერთობის დაშლა, მანამდე პროპორციულის კრიტიკა, ვაშაძის მოშორება და ა.შ.)
ეს არის წარსულის შემოტენვა ჩვენთვის. ისევ არჩევანი ორ ინდივიდს შორის. არადა კატეგორიულად არ დგას ასე საკითხი. არჩევანი არის წარსულის პოლიტიკასა, რომელიც ინდივიდების ეგოს ეფუძნება და გარდამტეხ ცვლილებებს შორის, რომელსაც ქვეყნის ამ უმძიმესი კრიზისიდან გამოყვანა უნდა მოჰყვეს. ანდა უბრალოდ დავიღუპებით.
სწორედ ამიტომ, ჩვენთვის, ევროპული საქართველოსთვის, პრინციპულად მნიშვნელოვანია დღევანდელი ხელისუფლების შეცვლა და ოპოზიციაში გაშვება.
და ასევე მნიშვნელოვანია, რომ მიშა არ გახდეს პრემიერი და არ ჰქონდეს ერთპიროვნული ძალაუფლება.
ვინც ამაში გვეთანხმებით და ვისაც მართლა ამ მარაზმატული ჩაკეტილი წრის გარღვევა გინდათ, გამოგვყევით", - წერს კაპანაძე.