მინსკის ცენტრში საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ბარიკადების აღმართვა დაიწყეს.
ოპოზიციის მსვლელობის მონაწილეები სხვადასხვა თვითნაკეთი მასალით ცდილობენ ტიმირიაზევის ქუჩაზე ბარიკადების აღმართონ. ამ დროისთვის, ქუჩის სავალი ნაწილი დემონსტრანტებს აქვთ დაკავებული და სატრანსპორტო მოძრაობა აღკვეთილია.
მანამდე ბელარუსის საგამოძიებო კომიტეტმა გააფრთხილა [ხელისუფლების მიერ არასანქცირებული] საპროტესტო აქციის მონაწილეები, რომ სატრანსპორტო გადაადგილების შეზღუდვეა ბარიკადებით ან სხვა საშუალებებით აკრძალულია და იწვევს არა ადმინისტრაციული სახდელის დაწესებას, არამედ სისხლის სამართლებრივ დევნას.
თვითმხილველები იუწყებიან, რომ დღევანდელ საპროტესტო აქციას დაახლოებით 150 ათასი ადამიანი ესწრება.
სხვადასხვა წყაროს მეშვეობით, ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაკავებულია დაახლოებით 200-დან 250-მდე მომიტინგე.
ერთი თვეზე მეტია ბელარუსში გრძელდება მასობრივი პროტესტი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების წინააღმდეგ, რომელშიც გამარჯვებული გამოცხადდა ამჟამინდელი სახელმწიფოს მეთაური ალიაქსანდრ ლუკაშენკა, რომელიც ამ თანამდებობას 1994 წლიდან იკავებს.
არჩევნები 9 აგვისტოს გაიმართა. ცესკოს მიერ დამტკიცებული შედეგების თანახმად, ამომრჩეველთა 80.1% -მა ხმა მისცა ლუკაშენკას, 10.12% - მის მთავარ მოწინააღმდეგეს სვიატლანა ციხანოუსკაიას.
ფოტო: AP