ჯერ კიდევ აპრილ-მაისის პერიოდში წარმოვადგინეთ ანტიკრიზისული ოთხი სხვადასხვა გეგმა, რომელიც მთავრობამ არც ერთი არ გაითვალისწინა. ახლა კი შედეგად მივიღეთ უკონტროლო ეპიდემია და მეორე მხრივ სრულად ჩამოშლილი ეკონომიკა, - აცხადებს პარტია "სტრატეგია აღმაშენებელის" ერთ-ერთი ლიდერი სერგო ჩიხლაძე.
მისი თქმით, როგორ უნდა ვენდოთ მთავრობას, რომელსაც არ წარმოუდგენია დეტალური გეგმა რას ვშვრებით შემდეგ დღეებში, შემდეგ თვეებში. რა ნორმებს იმუშავებს სხვადასხვა სცენარისთვის? რას აპირებს მთავრობა გუშინ და დღეს დაკეტილ ასეულ ობიექტთან დაკავშირებით? რა მარაგები არსებობს ქვეყანაში დამცავი საშუალებების ანდ ტესტებთან დაკავშირებით? როგორ ფართოვდება დიაგნოსტიკური ქსელი, ლაბორატორიები? რატომ არ უხდის სახელმწიფო კლინიკებს და ლაბორატორიებს კუთვნილ ანაზღაურებას, მათ შორის კოვიდ კლინიკებს?
„კიდევ უფრო მეტი კითხვაა იმასთან დაკავშირებით თუ რა გააკეთა მთავრობამ ბოლო 5 თვის განმალობაში ვირუსის ახალ „ტალღასთან“ დასახვედრად, მითუმეტეს, რომ სეზონურ გრიპთან თანხვედრაში შესაძლოა საერთოდ უმართავი გახდეს სიტუაცია. მომზადების და შესაძლებლობების გაზრდის ნაცვლად, ახლა უფრო ნაკლები საწოლია მობილიზებული ვიდრე ეს აპრილში იყო. დღემდე არ ვიცით რა მარაგებია სამედიცინო აღჭურვილობასთან და სახარჯ მასალებთან დაკავშირებით, წამლების მარაგი რა მდგომარეობაშია, განსაკუთრებით ანტიბიოტიკების მარაგი, გაიზარდა თუ არა თანამედროვე სტანდარტების მქონე ბოქსირებული პალატების რაოდენობა ქვეყანაში. კვლავ არაფერი გაკეთებულა საავადმყოფოების შიდა ინფექციების კონტროლის გასაუმჯობესებლად და პირველადი ჯანდაცვის მოსამზადებლად, რომ მარტივი და უსიმპტომო შემთხვევები იმართოს პირველადი ჯანდაცვის დონზე. არ მომზადებულა არცერთი ახალი საინფორმაციო კამპანია ზაფხულის პერიოდში. კიდევ ბევრი კითხვა არსებობს და მოვუწოდებ მთავრობას და ჯანდაცვის სამინისტროს რომ გავხსნათ ამ საკითხებზე საჯარო დისკუსია“, - ამბობს ჩიხლაძე და აღნიშნავს, რომ საბოლოო ჯამში, მთავრობამ ვერც ეპიდემია მართა და ეკონომიკაც მოკლა. მადლობა კიდევ ერთხელ ინფექციონისტებს და ეპიდემიოლოგებს, რომლებიც ამ პირობებშიც თავიანთ მაქსიმუმს აკეთებენ.