დღემდე ვამაყობ ჩემი გადაწყვეტილებით, როცა პარტიის თავმჯდომარეს შევთავაზე ჩემი თანადგომა, - განაცხადა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების საარჩევნო სიის პირველი ოცეულის პრეზენტაციაზე.
„მეც თქვენსავით ერთგულად ვდგავარ ჩემს მიერ არჩეულ თავისუფლების, ქვეყნისა და ხალხის მსახურების გზაზე.
დარწმუნებული ვარ, თითოეული ჩვენი თანაგუნდელი აცნობიერებს იმ დიდ პოლიტიკურ მისიას, რასაც შევეჭიდეთ და იმ დიდ პასუხიმგებლობას, რაც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ მოგვანიჭა.
ჩვენმა ქვეყანამ მას შემდეგ ბევრი რამ გაიარა, ბევრი რამ შეიცვალა, ნელ-ნელა იცვლებოდა ხალხიც ჩვენ გარშემო, ახლდებოდა და ახალი პროფესიონალებით ივსებოდა ჩვენი გუნდიც.
იყო ბევრი გულდაწყვეტა, ბევრი ტკივილიც, თუმცა ჩვენ შევძელით მთავარი, სახელმწიფოში ადამიანმა, მოქალაქემ დაიბრუნა საკუთარი ადგილი და ქვეყანა დადგა მშვიდობიანი, ნორმალური განვითარების შეუქცევად გზაზე.
მთელს ამ პროცესში, ჩვენთვის და პირადად ჩემთვის, ამოსავალი წერტილი არასდროს ყოფილა ვიწრო პარტიული ინტერესები, ყოველთვის იყო ქვეყნის და ხალხის ინტერესების მსახურება და ეს ყოველთვის ასე იქნება.
პარტია და ხელისუფლება საჭიროა მხოლოდ ამ ძალიან საპასუხისმგებლო და ამავდროულად საშური საქმის განხორციელებისთვის, რათა როცა დაფიქრდები, რა არგე შენს ქვეყანას, ამაზე მყარი და მკაფიო პასუხი გქონდეს და ვალმოხდილი იყო საკუთარი ქვეყნის წინაშე, თუ ეს საერთოდ შესაძლებელია.
მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მეც მთელ საქართველოს მივულოცო უმნიშვნელოვანესი მოვლენა - საქართველოს სარაგბო ნაკრები „რვა ერის“ გათამაშებაში მიიღებს მონაწილეობას.
ეს ქართული სპორტისა და ქართული რაგბის დიდი გამარჯვებაა და ამ გამარჯვებაშიც, თავისი უანგარო ქველმოქმედებით, ბიძინა ივანიშვილს უდიდესი წვლილი აქვს შეტანილი.
ვიმედოვნებ, რომ ახალ, გულანთებულ სახეებთან, “ქართული ოცნების” განახლებულ გუნდთან და რაც მთავარია, ქართველ ხალხთან ერთად, სწორედ ასეთი შემართებით, კიდევ ბევრ გამარჯვებას მოვიპოვებთ. კიდევ უფრო დიდ გამოწვევებს დავძლევთ, ერთად დავდგებით ჩვენი ქვეყნის ინტერესების დასაცავად, მის საბოლოოდ გასაერთიანებლად და ერთად ვიბრძოლებთ საქართველოს წარმატებისთვის!
ჩვენ ვაშენებთ აწმყოს, ჩვენ პასუხისმგებლობით და სიყვარულით ვეკიდებით საქმეს, რომ მომავალი იყოს უზრუნველყოფილი. წარმატებები მინდა ვუსურვო „ქართული ოცნების“ განახლებულ გუნდს, წარმატებას ვუსურვებ ჩემს ქვეყანას ,ჩემს ხალხს! ერთად საქართველოს წარმატებისთვის !“, - თქვა კალაძემ.