"ქართულმა ოცნებამ" პრაქტიკულად ყველა მიმართულებით შეძლო ქვეყნის შეუქცევადი განვითარება - განაცხადა პოლიტიკური გაერთიანება ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების საარჩევნო სიის პირველი ოცეულის პრეზენტაციაზე.
"მე არა ერთხელ მითქვამს და დღესაც გავიმეორებ - ჩვენ არ გვჩვევია გაკეთებულით თავმოწონება და ტრაბახი, საქმის კეთება მმართველი გუნდის პირდაპირი ვალდებულებაა და ჩვენ ამას უხმაუროდ ვაკეთებთ. მე მიხარია, რომ ყველა ამ სიკეთით, რომელიც ხალხისთვის კეთდება, სარგებლობენ მათ შორის ჩვენი კრიტიკოსები და სკეპტიკოსებიც კი, მიუხედავად იმისა, რომ ამ სიკეთეების აღიარების უნარი არა გააჩნიათ. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ისევე წარმატებით მოვიგებთ ბრძოლას სიცრუესთან და ხალხში ნეგატივის, უიმედობის დათესვის მცდელობასთან, როგორც ვაჯობეთ ზოგადსაკაცობრიო გამოწვევას კრიზისის ყველაზე რთულ ეტაპზე“, - თქვა ივანიშვილმა და აღნიშნა, რომ ადამიანებზე ზრუნვა და ამ ურთულეს კრიზისში მათი სოციალური მხარდაჭერა, ქართული ოცნების ხელწერად იქცა.
„ადამიანებზე ზრუნვა და ამ ურთულეს კრიზისში მათი სოციალური მხარდაჭერა, ქართული ოცნების ხელწერად იქცა. თამამად ვიტყვი, ჩვენ პირნათელი ვართ ხალხის წინაშე, ვაკეთებთ შესაძლებლობების მაქსიმუმს, რის საშუალებსაც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა იძლევა. თუმცა, ისიც კარგად ვიცით, რომ ჯერ კიდევ შორს ვართ სასურველი შედეგისგან, მაგრამ ვადგავართ იმ გზას, რომელიც ნაბიჯ-ნაბიჯ, აუცილებლად მიგვიყვანს მიზნამდე. ჩვენს სწორ და თანამიმდევრულ მიდგომებს, პოლიტიკურ და ეკონომიკურ სტრატეგიას იწონებენ და მხარში გვიდგანან ჩვენი პარტნიორი და მეგობარი ქვეყნები, მაგრამ რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენთვის, ამას აღიარებს ჩვენი ხალხი და ამიტომაც, დარწმუნებული ვართ, კვლავ უპირობოდ გამარჯვებული გამოვალთ იმ პოლიტიკურ კონკურენციაში, რომელმაც სულ რამდენიმე დღის წინ ოფიციალურად აიღო სტარტი“, - თქვა ივანიშვილმა.