ეს მხარდაჭერა გვიმტკიცებს რწმენას, რომ ჩვენ თქვენთან ერთად წავიყვანთ ქვეყანას წინ, განვითარებისკენ და წარმატებისკენ, თითოეული ოჯახის კეთილდღეობისკენ, - განაცხადა პოლიტიკური გაერთიანება "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების საარჩევნო სიის პირველი ოცეულის პრეზენტაციაზე
მისი თქმით, ქართულ ოცნებას აქვს ამის ნება და რესურსი.
"ამ პარტიის შექმნის იდეაც სწორედ ეს იყო და არის - საქართველო იყოს ევროპული ქვეყანა, სადაც ადამიანი და მისი ღირსება არის დაცული, ყველას შეუძლია საკუთარი შრომით ოჯახის რჩენა, სადაც მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება გარანტირებულია, სადაც სუსტს ეხმარებიან, ნიჭს ახალისებენ, თავდადებას აფასებენ, ფესვებს უფრთხილდებიან და მომავალზე ზრუნავენ, სადაც თანაბარ პირობებს ქმნიან თითოეულის წარმატებისთვის, სადაც ხელისუფლება ხალხის სამსახურშია და არა პირიქით", - თქვა ივანიშვილმა და აღნიშნა, რომ პარტია კვლავაც თავდაუზოგავად იმუშავებს.